მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაგდა ბოლოთაშვილი: "ბიზნესისთვის ზედმეტი რეგულაციების დაწესებას ჯანსაღ გარემოშიც არ მივესალმებით"

5f770809c3846
ლიკა გურაბანიძე
02.10.20 22:50
1071

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორის მოადგილემ მაგდა ბოლოთაშვილმა “საქმიან დილაში” მცირე და საშუალო ბიზნესის გამოწვევებსა და საჭიროებებზე ისაუბრა. როგორც ბოლოთაშვილი განმარტავს, სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ ჩატარებული კვლევებიდან მცირე და საშუალო ბიზნესებს კონკრეტული პრობლემები გამოეკვეთათ.

“ჩვენ მიერ ჩატარებული ორი კვლევიდან, ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, რომელიც ივნისის თვეში ჩატარდა, ირკვევა, რომ კომპანიების 40%-ს თანამშრომლებისთვის ხელფასები უკვე შემცირებული ჰქონდათ. ჩვენ მიერ გამოკითხულ კომპანიათა უმრავლესობა – 97% მცირე და საშუალო ბიზნესი იყო.

ამასთან, კვლევამ აჩვენა, რომ კომპანიების 76%-ს შემოსავლები შეუმცირდა. თუმცა, დაახლოებით 80%-მდე კომპანიები შეფასებას აკეთებდნენ, რომ ბიზნესის დახმარებისთვის შექმნილი პროგრამებით კმაყოფილები იყვნენ.

ასევე კვლევების შედეგად რამდენიმე საკითხი გამოვლინდა, რომელიც კვლავ პრობლემად რჩება. მაგალითად, ჩვენ მიერ ჩატარებული მარტის და ივნისის კვლევებს შორის ელექტრონული კომერციის საკითხებზე მოთხოვნა რადიკალურად გაზრდილი იყო. ბიზნესებს ამ ნაწილში ფეხის აწყობა სურთ, რადგან პრობლემები საკუთარი სერვისის, თუ პროდუქციის მიმართულებით აქვთ და დახმარებას საჭიროებენ.” - განაცხადა ბოლოთაშვილმა.

მაგდა ბოლოთაშვილი ბიზნესებისთვის რეგულაციების დაწესებაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ კონკრეტული რეგულაციების მიღება საჭიროა, მაგრამ ეს ბიზნესისთვის შემაფერხებელი ფაქტორი არ უნდა იყოს.

“ბიზნესისთვის ზედმეტი რეგულაციების დაწესებას ჯანსაღ გარემოშიც არ მივესალმებით. მინიმალური რეგულაცია, რაც უსაფრთხოებას ეხება, საჭიროა, მაგრამ დანარჩენი ბიზნესისთვის მისაღები არ არის, რადგან ის ბიზნესს აფერხებს და როდესაც სექტორი ფერხდება, საზოგადოებაც ზარალდება.” - აღნიშნა მაგდა ბოლოთაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები