ორიგინალური, ხელნაკეთი სანათების მწარმოებელი კომპანიის Lampino-ს დამფუძნებელი, ქეთი ნოზაძე აცხადებს, რომ მაღალ მსყიდველუნარიან ტურისტულ ნაკადთა შემცირების გამო, გაყიდვები ბოლო პერიოდში უკუსვლით მიდის. ამის შესახებ მან BM.GE-სთან ინტერვიუში გააჟღერა.
„ზოგადად, მარტის თვე ყოველთვის ასეთია - თებერვალიც და მარტიც შედარებით სუსტია. ახლა ადგილობრივ ბაზარზე ნელ-ნელა ტურისტულ სეზონს ვემზადებით, გარკვეული შემოსვლა შეინიშნება, მაგრამ მაღალი მსყიდველუნარიანობის ტურისტი ცოტა არის. ტენდენცია წინა წელსაც იგივე იყო - გაყიდვები მცირე უკუსვლით მიდის. კარგი სასიხარულო ამბავი ამ ეტაპზე არ გვაქვს, მაგრამ მუშაობას არ ვწყვეტთ“, - ამბობს ნოზაძე.
მაღაზია, რომელიც „ლამპინომ“ თბილისში გახსნა, უკვე მეორე წელია ფუნქციონირებს. გარდა ამისა, კომპანიის პროდუქცია აქტიურად იყიდება უცხოურ პლატფორმა Etsy-ზე, თუმცა, როგორც ნოზაძე აღნიშნავს, ბოლო პერიოდის მცირე ჩავარდნა სავარაუდოდ, პლატფორმის თავისებურებებსა და ბაზრის ცვალებადობას უკავშირდება.
ფასების პოლიტიკას რაც შეეხება, ნოზაძე ამბობს, რომ პროდუქტის ძირითადი ფასები წინა ორი წლის ჭრილში შენარჩუნებულია. „კერძო ნამუშევრებში შეიძლება რაღაც მცირე დამატებითი თვითღირებულება შევცვალო, მაგალითად განათებისა და ლაზერის მომსახურების ხარჯი, მაგრამ ეს არ აისახება საბაზრო ფასზე. ყველაზე ბიუჯეტური სანათები მომხმარებლისთვის 15 ლარიდან იწყება, რაც ძირითადად ლაზერის ფასი და მასთან დაკავშირებული ხარჯებია“, - განმარტავს ნოზაძე.
მისი შეფასებით, ხელნაკეთი ნამუშევრების მაღალი ხარისხი და რთული სამუშაო პროცესი ფასის შესაბამისია. მისი თქმით, ეს მიდგომა მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომობას ინარჩუნებს : „ნამუშევრები სუვენირის კატეგორიაში შესაძლოა ძვირად ჩანდეს, მაგრამ ისინი მთლიანად ხელნაკეთია და რთული ტექნოლოგიით მზადდება. ამ ფასად ნამდვილად ღირს“, - დასძენს ნოზაძე.
Lampino სანათების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ბაზარზე 2019 წელს გამოჩნდა.




























