მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მაღალი ეკონომიკური ზრდით მთელი აზრია, რომ ევროპულ ქვეყნებს დავეწიოთ - პაატა კვიჟინაძე

კვიჟინაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, პაატა კვიჟინაძე, 2026 წლის ბიუჯეტის მეორე მოსმენით წარდგენისას, "გახარია საქართველოსთვის" წევრების კრიტიკას გამოეხმაურა და განმარტა, თუ რა არის მაღალი ეკონომიკური ზრდის მთავარი მიზანი.

"ოცნების" დეპუტატის თქმით, საქართველოს მისწრაფება არ არის, რომ ევროპის ქვეყნებს აჯობოს, არამედ ის, რომ სწრაფი ზრდის ტემპებით მათ რაც შეიძლება მალე დაეწიოს.

„ჩემმა კოლეგამ ბრძანა, რომ იმას [ევროპას] რას ედრებითო და აბა ვის შევედაროთ? ჩვენ 90-იან წლებში, გაზი რომ არ იყო და გარეთ ქვაბებით რომ შეშაზე აკეთებდნენ საჭმელს [საქართველოში], მაშინაც ისე აყვავებული იყო ევროპა, ახლა კი არ დაწყებულა ეს [განსხვავება],“ - განაცხადა კვიჟინაძემ პარლამენტში.

მისი თქმით, ეკონომიკური ზრდის მაღალი პარამეტრები სწორედ განვითარებულ ქვეყნებთან განსხვავების შესამცირებლად არის საჭირო.

„ჩვენი ეკონომიკური ზრდის მიზანი და ეს პარამეტრები ვისთვის არის? თუ იმას [ევროპას] აქვს ნოლი ეკონომიკური ზრდა და ჩვენ გვაქვს 8-9%, [მიზანია] რაც შეიძლება მალე დავეწიოთ. ეს არის მთელი აზრი და არა ის, რომ იმათ ვჯობივართ. ვინ თქვა იმათ ვჯობივართ? კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ საერთოდ ნოლზე რომ ვიყავით, ისინი უკვე იყვნენ იქ, სადაც არიან. ამაზეა საუბარი", - თქვა კვიჟინაძემ.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, საერთაშორისო სავალუტო ფონდიც (IMF) ადასტურებს, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდა საქართველოს სწრაფად განვითარების საშუალებას მისცემს.

„თვითონ სავალუტო ფონდი ამბობს, რომ თუ ჩვენ 8-10%-იანი ეკონომიკური ზრდა გვექნება, მაშინ უკვე 5-6 წელიწადში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს დავეწევით და კიდევ რამდენ ხანში უკვე საშუალო ევროპული ქვეყანა გავხდებით.

ამაზეა საუბარი და ამიტომაა მთავარი ჩემი მიზანი ეკონომიკური ზრდა და არა ვთქვათ, რაღაც იქ ჩხიკინი რაღაც თემებზე. ეს არის მთავარი", - დასძინა კვიჟინაძემ.

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ეკონომიკური პარამეტრებით საქართველო ერთ-ერთი საუკეთესოა.

„ეკონომიკური ზრდით საქართველო იქნება პირველ ადგილზე არამარტო ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის, არამედ კანდიდატ ქვეყნებს შორისაც, მთავრობის ვალით იქნება მე-6 ადგილზე ევროკავშირის ქვეყნებს შორის და მე-3 ადგილზე კანდიდატ ქვეყნებს შორის, ბიუჯეტის დეფიციტით მე-2 ადგილზე კანდიდატ ქვეყნებს შორის და მე-8 ადგილზე ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის. სავალუტო ფონდიც ამბობს, რომ ასეთი ზრდა გაგრძელდება და 5-6 წელიწადში ჩვენ შევძლებთ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს დავეწიოთ“, - განაცხადა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები