GMT ჯგუფი, რომელიც ბრენდულ სასტუმროებს - "თბილისი მერიოტს", "ქორთიარდ მარიოტსა" და "მოქსი თბილისს" მართავს, აცხადებს, რომ განთავსების ობიექტებში კონფერენციებისა და კორპორაციული ღონისძიებების რაოდენობა შემცირებულია. ამის შესახებ კომპანიის კლასტერ მარკეტინგისა და კომუნიკაციების მენეჯერმა, მარიამ ფხაკაძემ BM.GE-სთან განაცხადა.
მისივე ცნობით, Courtyard Tbilisi და Moxy Tbilisi მცირე და საშუალო ზომის ღონისძიებებს მაინც მასპინძლობს, რაც გარკვეულწილად ამ მიმართულებით სტაბილურობას უზრუნველყოფს. თუმცა Marriott Tbilisi-ს დიდი საკონფერენციო სივრცეები ნაკლებად არის დატვირთული.
„მიმდინარე სეზონი საკმაოდ რთული აღმოჩნდა სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიისთვის. სასტუმროების დატვირთულობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირებულია. განსაკუთრებით, რუსთაველის გამზირზე მდებარე Marriott Tbilisi-ში გვაქვს გამოწვევები.
გასულ წელთან შედარებით, მაღალი კლასის კორპორაციული შეკვეთების რაოდენობა შემცირებულია. კონფერენციების ძირითადი წყარო ახლა ადგილობრივი კომპანიებია. საერთაშორისო კორპორაციული ტურიზმი კვლავ აღდგენას ელოდება, თუმცა ეს პროცესი საკმაოდ ნელი ტემპით მიმდინარეობს“, - განაცხადა ფხაკაძემ.
რაც შეეხება ბაზრებს, ფხაკაძე ამბობს, რომ მათი მომხმარებლები ტრადიციულად ინდოეთიდან, არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან, ჩინეთიდან და ამერიკიდან არიან. ევროპელი ტურისტების შემთხვევაში კი მოთხოვნა საგრძნობლად შემცირებულია.
“ტრადიციულად, ჩვენი ძირითადი ბაზრები ინდოეთი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები, ჩინეთი და ამერიკაა. მიმდინარე სეზონზე ევროპიდან მოთხოვნა საგრძნობლად შემცირებულია”, - აღნიშნავს მარიამ ფხაკაძე.