საქართველოში ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობის იდეა კვლავ აქტუალური ხდება. ქუთაისში დაანონსებული პროექტის პერსპექტივებსა და მოსალოდნელ სირთულეებზე Carmark-ის დირექტორმა, ირაკლი კუხიანიძემ ისაუბრა. მისი თქმით, პროექტის წარმატება დიდწილად სწორ გათვლებსა და ბაზრის სპეციფიკის გათვალისწინებაზეა დამოკიდებული.
მისი თქმით, საქართველომ აქცენტი არა პრემიუმ კლასის, არამედ ბიუჯეტურ ელექტრომობილებზე უნდა გააკეთოს.
“თუ არის გათვლა ექსპორტზე, ძალიან დიდი კონკურენციაა, ჩინური გიგანტები არიან შემოსულები ბაზარზე და თვითონ ჩინელებსაც კი უჭირთ არსებული რაოდენობების გაყიდვა. ევროპის ქვეყნებზე თუ არის გათვლა, ევროპის ქვეყნებში ძალიან რთულია რომ შეხვიდე, ძალიან ბევრი ჩინური ბრენდიც ვერ შედის. სულ რამდენიმე ბრენდია შესული ევროპულ ბაზარზე, რადგან მკაცრი რეგულაციებია და საქართველოს ალბათ თავიდან გაუჭირდება. ასევე ამერიკაც ძალიან მკაცრად იცავს თავის ბაზარს, იქაც ჩინური ავტომობილები ფაქტობრივად აკრძალულია. ასე რომ ცოტა დასაფიქრებელი ამბავია რომელ ქვეყნებზე უნდა ვიმუშაოთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, თუ კარგი ქარხანა აშენდება და კარგი ხარისხი იქნება, რა თქმა უნდა მივესალმები. უბრალოდ კარგად არის ეს ყველაფერი გასათვლელი.
ჩვენს რეგიონში ახლა რეალურად რაც გადის რეექსპორტზე ეს არის სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა და რუსეთი. რუსეთში თვითონ არის უზარმაზარი ქარხნები გაკეთებული, როგორც ვიცი ჩინური ბრენდები არიან შესულები და იქ აწყობენ.
ასევე ყაზახეთშიც არის BYD-ის ქარხანა, რომელიც საკმაოდ დიდი რაოდენობით აწარმოებს ელექტრომობილებს. ყაზახეთიც დაიცავს თავის ბაზარს და არა მგონია რომ მოუნდეს ჩვენი ბრენდის შეყვანა.
ალბათ რაღაც სეგმენტზე უნდა იმუშაოს საქართველომ, სავარაუდოდ პრემიუმ კლასის ავტომობილების ექსპორტი გაგვიჭირდება და ბიუჯეტურ ავტომობილებს თუ გამოუშვებენ შეიძლება ამან რაღაც სეგმენტი დაიკავოს. ასევე გასათვალისწინებელია რომელ ბრენდთან ითანამშრომლებენ,”-ამბობს carmark-ის დირექტორი ირაკლი კუხიანიძე.




























