მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მაღალი მოდის ბაზრის შენელების ფონზე, Hermes-ის შემოსავალმა 15%-ით იმატა

ბირკინი

ფუფუნების საგნების და მაღალი მოდის ფრანგულმა ბრენდმა, Hermes-მა კვარტალური და წლიური ფინანსური შედეგები გაასაჯაროვა, რაც მაღალი მოდის ბაზრის შენელების ფონზე, ინვესტორებისთვის დადებითი სიგნალი აღმოჩნდა. გასული წლის ბოლო სამ თვეში Hermes-მა შემოსავალი 17.6%-ით გაზარდა და €3.96 მილიარდი მიიღო, როცა წლის ჭრილში კომპანიას €15.2 მილიარდის გაყიდვები ჰქონდა, რაც 14.7%-იანი ზრდაა. პროგნოზირებულზე უკეთესი შედეგების გასაჯაროების შემდეგ, Hermes-ის აქციების ფასმა 4.2%-ით იმატა.

როგორც ფრანგულ კომპანიაში ამბობენ, შედეგი, რომელიც Hermes-მა ეკონომიკურად და გეოპოლიტიკურად რთული წლის მიუხედავად დააფიქსირა, ფუფუნების საგნების ბრენდის სიძლიერეზე მეტყველებს. Hermes-ის ჯამური შემოსავლის ნახევარი ტყავის პროდუქტებზე და საცხენოსნო აღჭურვილობაზე მოდის, სადაც ბირკინის და კელის ჩანთებს ვხვდებით, რომელთაც მომხმარებლები ხშირად საინვესტიციოდ ყიდულობენ. გასული წლის ბოლო კვარტალში ამ მიმართულების გაყიდვებმა 21.7%-ით იმატა.

ბოლო ერთ წელიწადში, მაღალი მოდის კომპანიების აქციების ფასმა საფონდო ბირჟაზე მკვეთრად იკლო, არადა იყო დრო, თანაც არც თუ ისე შორეულ წარსულში, როცა ბერნარ არნოს კონგლომერატი LVMH-ი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული კომპანია იყო, თავად ფრანგი ბიზნესმენი კი - პლანეტის უმდიდრესი ადამიანი. დღეს, LVMH-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $371 მილიარდამდე არის შემცირებული და ევროკავშირში ის 1-ელი, მსოფლიოში კი 26-ე ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიაა. კომპანიის აქციის გაუფასურების ფონზე იკლო ბერნარ არნოს პირადი ქონების შეფასებამაც, რომელიც, ამ დროისთვის, $197 მილიარდის ტოლია.

თუმცა სანამ ავხსნით, თუ რა განაპირობებს მაღალი მოდის ბრენდების დაღმასვლას, პირველ რიგში, საფონდო ბირჟაზე დალისტული კომპანიების აქციის ფასის დინამიკას გადავხედოთ. ერთწლიან პერიოდში, საფონდო ბირჟაზე დალისტული დიდი ოთხეულის, მათ შორის Burberry-ის, LVMH-ის, Christian Dior-ის, და Kering-ის აქციების ფასები საკმაოდ მკვეთრად არის შემცირებული.

ყველაზე მეტად, კერძოდ 33%-ით ზემოხსენებული Kering-ის ფასმა იკლო, ხოლო Christian Dior-ის აქციების ფასი 15%-ით შემცირდა. შედარებით მცირე, კერძოდ 11%-იანი კლება შეინიშნება ბერნარ არნოს LVMH-ში, როცა Burberry-ის აქციები 7%-ითაა გაუფასურებული. გაცილებით მკვეთრია ის კლება, რომელიც კომპანიებმა ბოლო წლებში არსებული პიკური მაჩვენებლების შემდეგ დააფიქსირეს, მაგრამ ექვსთვიან და ერთთვიან პერიოდებში, კომპანიების პოზიციები მკვეთრად გაუმჯობესდა.

მაღალი მოდის ბრენდების დაღმასვლა გლობალურად არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობასთანაა დაკავშირებული. ბოლო წლებში, კაპიტალი ისტორიულად გაძვირდა. იმ დროს, როცა მონეტარული პოლიტიკა მკაცრდება, სესხებს ცენტრალური ბანკიდან სახსრების მოზიდვა უძვირდებათ, რაც, ცხადია, ბანკის მიერ მომხმარებლისადმი გაცემული სესხის ფასზეც აისახება, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, მოქალაქეებს სესხი უძვირდებათ. ამ დროს, რაციონალური მომხმარებელი ნაკლებ ფულს ხარჯავს და პირველადი მოხმარების საქონელზე კონცენტრირდება, ხოლო ბირკინის ჩანთა, Dior-ის სუნამო ან Burberry-ის შარფი ამ ჩამონათვალში ნამდვილად არ ხვდება.

თუმცა ზოგადი ეკონომიკური ფონის გარდა, ძვირად ღირებული ბრენდების საქმიანობაზე გავლენას ის ფაქტორებიც ახდენს, რომლებიც უშუალოდ ამ ინდუსტრიისთვის არის დამახასიათებელი. ეს სფერო ძალიან კონკურენტულია, რაც კომპანიების მხრიდან დიდ მარკეტინგულ დანახარჯებს მოითხოვს. ამ მიმართულებას, მართალია, შედარებით იაფი მუშახელი და წარმოების ხარჯების ოპტიმიზაცია ფარავს, მაგრამ მაშინ, როცა გლობალური მიწოდების ჯაჭვში პრობლემები ჩნდება, კომპანიების ხარჯები გარდაუვალად იზრდება. ბოლო პერიოდში, სწორედ ამ დინამიკას ვხვდებით, რომელსაც უკეთ ის კომპანიები შეხვდნენ, რომელთა პორტფელში ერთბაშად რამდენიმე ბრენდს აერთიანებენ.

თუმცა მაღალი მოდის ბრენდების დაღმასვლას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი განაპირობებს, რომელიც, არც მეტი, არც ნაკლები - ჩინეთს უკავშირდება. ჩინეთი სიდიდით მსოფლიოს მეორე ეკონომიკაა, ანუ თავად სახელმწიფო მდიდარია, მაგრამ შეძლებული სახელმწიფო არ ნიშნავს, რომ მოქალაქე, რომელიც ამ ქვეყანაში ცხოვრობს, ასევე შეძლებულია. ჩინეთის შემთხვევაში, ბოლო დეკადების განმავლობაში სწორედ ასე იყო, მაგრამ შემდეგ, ჩინეთის საშუალო ფენა იმდენად გამდიდრდა, რომ გარკვეული ინდუსტრიები ჩამოიკიდა და ფუფუნების საგნების სექტორი, ერთ-ერთი მათგანია.

მაღალი მოდის ბრენდები ჩინეთში განსაკუთრებულად უყვართ და მათ საყიდლად ფული არ ენანებათ, მაგრამ ეს სიყვარულს მანამ ვხვდებით, სანამ ჩინელებს ბირკინის ჩანთების საყიდლად საკმარისი ფული აქვთ. გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის პირობებში ფული ისედაც ძვირდება, რასაც თან ქვეყანაში გაღვივებული უძრავი ქონების კრიზისი ემატება. საბოლოო ჯამში, მდიდარი ჩინელების ფულის დიდი ნაწილი სხვა მიმართულებით იხარჯება, რაც მაღალი მოდის ბრენდების შემოსავალზე და შესაბამისად, აქციების ფასებზე, უარყოფითად აისახება. ბრენდების სამომავლო პროგნოზებს თუ დავუჯერებთ, ამ ტენდენციის შემოტრიალება, ჯერჯერობით, არ არის ნავარაუდევი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები