საქართველოში ძვირადღირებულ ბრენდებზე მოთხოვნა გაიზარდა, რასაც სავაჭრო მოლების წარმომადგენლების ნაწილი მომხმარებლის მსყიდველუნარიანობის გაზრდას უკავშირებენ.
გალერეა თბილისის კომუნიკაციების სამსახურის ხელმძღვანელი ამბობს, რომ გასულ წელთან შედარებით მომხმარებლების რაოდენობის ნაწილში მცირედი კლებაა, მაგრამ მისი თქმით, შემოსავლის თვალსაზრისით ზრდა ფიქსირდება.
ნინი ადუაშვილის თქმით, გაყიდვები წინა წელთან შედარებით 10-15%-ით არის გაზრდილი. ადუაშვილი, ამ მიმართულებით მაჩვენებლების ზრდას მომხმარებლების მსყიდველუნარიანობის გაზრდას უკავშირებს. მისი თქმით, მათი მომხმარებელი უპირატესობას ძვირად ღირებულ ბრენდებს ანიჭებს, შესაბამისად ისინი გათვლას ამ ნაწილზე აკეთებენ.
“ბოლო სამი თვის განმავლობაში 1.5 მლნ ადამიანი სტუმრობდა გალერეა თბილისს, რაც მაღალი მაჩვენებელია, თუმცა წინა წლებთან შედარებით შემცირებაა დაახლოებით 20 პროცენტით. დაახლოებით 70% ადგილობრივი მომხმარებელია, ეს არის უშუალოდ მაღაზიების მოწოდებული ინფორმაცია.
30% არის ტურისტების წილი ამ შემთხვევაში, რაც ასევე დაბალია წინა წლებთან შედარებით. გაყიდვების კუთხით საკმაოდ გაზრდილია მონაცემები, რაც ნიშნავს, იმას, რომ მსყიდველუნარიანი მომხმარებელი სავაჭრო ცენტრს ჰყავს.
ბოლო პერიოდში ხაზგასმით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოთხოვნა გაზრდილია მაღალი საფასო კატეგორიის ბრენდებზე და პროდუქტებზე. შესაბამისად, მოთხოვნიდან გამომდინარე ჩვენც მივდივართ იმ მიმართულებით რომ შემოვიყვანოთ უფრო მაღალი საფასო კატეგორიის ბრენდები,”-ამბობს ნინო ადუაშვილი, "გალერია თბილისის" კომუნიკაციების სამსახურის ხელმძღვანელი.