მაღაროების დახურვის გადაწყვეტილების გადახედვა, იანვრის ხელფასების 60% გაცემა, დარგის მოწვეული და ადგილობრივი სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული კომისიის შექმნა, მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნის შეფასება - ამ და სხვა საკითხებზე იმსჯელეს ჭიათურაში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით სამმხრივმა კომისიამ, რომლის შემადგენლობაშიც სამინისტრო, საქართველოს პროფკავშირები და დამსაქმებელთა ასოციაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრას მორიგი საპროტესტო აქცია მალევე მოჰყვა, რომელიც დღეს ჯანდაცვის სამინისტროსთან მაღაროელებმა გამართეს და მოთხოვნები კიდევ ერთხელ გააჟღერეს.