მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაღაზია, ლუდის ქარხანა, სასტუმრო - რა გეგმები აქვს „ოტიას ეზოს“?

ოტიას ეზო

აგროტურისტული ობიექტი „ოტიას ეზო“ საკუთარი მაღაზიის გახსნას გეგმავს. ამის შესახებ ობიექტის დამფუძნებელმა, ოტია იოსელიანმა BM.GE-სთან განაცხადა.

მისი ინფორმაციით, მაღაზია ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმთან, წყალტუბოში იქნება განთავსებული და მათ რეგიონში მყოფი მეწარმეების, არამალფუჭებადი ნატურალური პროდუქციის რეალიზაციას უზრუნველყოფს. ამჟამად მაღაზიის პროექტირება და მიწის სამუშაოები მიმდინარეობს. სავარაუდოდ, მაღაზია მიმდინარე წელს უნდა გაიხსნას.

„გვინდა, რომ მაღაზია გავაკეთოთ. სახლ-მუზეუმთან ახლოს იქნება. ამ ეტაპზე, არქიტექტორი პროექტზე მუშაობს და მიწის სამუშაოებიც დაწყებულია. დაახლოებით 150 000 ლარის ინვესტიციის განხორციელებას ვგეგმავთ.

მაღაზიაში რეგიონში მყოფი მეწარმეების ნატურალური პროდუქცია გაიყიდება, გარდა მალფუჭებადი პროდუქტებისა. გვინდა, რომ ყველაფერი ნატურალური გავყიდოთ. პირველ ეტაპზე, მხოლოდ ადგილზე და შემდეგ აპლიკაციის გაკეთებასაც ვფიქრობთ, თუ ადგილზე წარმატებით იმუშავებს. ობიექტში 2-3 ადამიანის დასაქმებას ვგეგმავთ. ისინი ადგილობრივები იქნებიან“, - ამბობს მეწარმე.

მისივე ცნობით, იგეგმება ზრდა ლუდის წარმოების მიმართულებით. ოტია იოსელიანის თქმით, მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ ბაზარს ვერ აკმაყოფილებენ.

„ახალი დანადგარების შეძენას და წარმადობის კიდევ 400%-ით ზრდას ვგეგმავთ. თუმცა, იმისათვის, რომ დანადგარები შევიძინოთ და წარმადობა გავზარდოთ, ქარხნის აშენებას ვაპირებთ, რომელიც წყალტუბოს შემოგარენში უნდა აშენდეს. ამ ეტაპზე, პროექტირება მიმდინარეობს და პროექტირების დასრულების შემდეგ უკვე გვეცოდინება კონკრეტული თანხები“, - აცხადებს ოტია იოსელიანი.

აღსანიშნავია, რომ აგროტურისტული ობიექტი სასტუმროს გახსნას გასულ წელს გეგმავდა, თუმცა გეგმა 2025 წელში გადავადდა. ობიექტის დამფუძნებლის თქმით, პირველ სტუმრებს სასტუმროში გაზაფხულზე მიიღებენ. სასტუმრო „ოტიას ეზოს“ ტერიტორიაზე განთავსდება და 2 კოტეჯს მოიცავს, სადაც 8 ადამიანის მასპინძლობა იქნება შესაძლებელი. ამ ეტაპზე სასტუმრო უკვე დასრულებულია და ახლა, მისასვლელი გზა კეთდება.

ცნობისთვის, "ოტიას ეზო" 2015 წელს ქართველი მწერლის ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმში მისი ოჯახის წევრებმა დააფუძნეს. ამჟამად მეურნეობაში - ციტრუსი, სიმინდის ფქვილი, აჯიკა, სვანური მარილი, ლობიო, თაფლი და სხვა პროდუქტები აქვთ. ამასთან, ამ დრომდე ოთხი სახის ღვინოს (ჩხავერი, ოცხანური საფერე, ცოლიკაური, ოჯალეში) აწარმოებდა. რაც შეეხება კრაფტ ლუდს, ამ დროისთვის, მეურნეობაში ხდება როგორც ლუდის ხარშვა, ისე მინის ბოთლებში (330 მლ,550 მლ, 750მლ) ჩამოსხმაც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები