საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ავტომაგისტრალებზე ახალი საგზაო ნიშნები დამონტაჟდა, რომლებიც სატრანსპორტო საშუალებების კატეგორიების მიხედვით დასაშვებ საშუალო სიჩქარეს ასახავს.
უწყების განმარტებით, ნიშნებზე მითითებულია იმ სატრანსპორტო საშუალებების კატეგორიები, რომელთათვისაც ავტომაგისტრალის ცალკეულ მონაკვეთებზე მაქსიმალურად დასაშვები სიჩქარე 80 კმ/სთ-ს არ აღემატება. აღნიშნული შეზღუდვები ვრცელდება შემდეგ კატეგორიებზე: “C”, “CE”, “C1”, “C1E”, “D”, “DE”, “D1”, “D1E”, რაც მოიცავს დიდ და საშუალო სატვირთო ავტომობილებს, მისაბმელიან სატვირთოებს, დიდ ავტობუსებს, მინიავტობუსებსა და მისაბმელიან ავტობუსებს.
გზების დეპარტამენტის ცნობით, ახალი საგზაო ნიშნები განთავსებულია სატრანსპორტო კვანძების გამომსვლელებთან, რათა მძღოლებმა ავტომაგისტრალზე შესვლამდე წინასწარ, თვალსაჩინოდ და გასაგებად მიიღონ ინფორმაცია მოძრაობის პირობების შესახებ. უწყებაში განმარტავენ, რომ ეს მძღოლებს გადაადგილების უკეთ დაგეგმვასა და უსაფრთხო მგზავრობაში დაეხმარება.
ამასთან, გზების დეპარტამენტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აღნიშნული სიჩქარის შეზღუდვები ახალი არ არის და განსაზღვრულია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-7 ნაწილის „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით და 2013 წლიდან მოქმედებს. ახალი ნიშნების განთავსება კი მხოლოდ ინფორმაციის დროულად და ეფექტიანად მიწოდებას ემსახურება.
უწყების ინფორმაციითვე, მიმდინარე წლის 22 დეკემბრიდან შინაგან საქმეთა სამინისტრო საშუალო სიჩქარის დიფერენცირებული კონტროლის მონაკვეთებში 80 კმ/სთ სიჩქარის გადაჭარბების დარღვევების ადმინისტრირებას დაიწყებს.
გზების დეპარტამენტი მძღოლებს მოუწოდებს, ყურადღებით დააკვირდნენ საგზაო ნიშნებს და გაითვალისწინონ მოქმედი წესები.




























