მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მაგისტრალურ გზებზე 32 ლოკაციაზე უსაფრთხოების გაუმჯობესებისთვის €16-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა

გზა ავტობანი მაგისტრალი

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების პროექტის II ფაზის ფარგლებში, აღმოსავლეთ საქართველოს, თბილისის შემოვლითი გზის და დასავლეთ საქართველოს მაგისტრალურ გზებზე და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე, 2 კილომეტრის რადიუსში არსებული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების მაღალი კონცენტრაციის ადგილების (ე.წ. „შავი წერტილების“) აღმოფხვრისა და უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა.

პროექტის მეორე ფაზის ფარგლებში, საგზაო უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად, ჯამში, 32 ლოკაციაა იდენტიფიცირებული, მათ შორის: აღმოსავლეთ საქართველოში – 24 ლოკაცია; თბილისის შემოვლით გზაზე – 4 ლოკაცია; დასავლეთ საქართველოში – 4 ლოკაცია.

პროექტის ფარგლებში განხორციელდება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად აუცილებელი ინფრასტრუქტურული ღონისძიებები, მათ შორის: ლითონის მრუდხაზოვანი ძელების მონტაჟი; წრიული მოძრაობებისა და უსაფრთხოების კუნძულების მოწყობა; ამაღლებული ქვეითთა გადასასვლელებისა და ტროტუარების მოწყობა; საგზაო ნიშნებისა და ჰორიზონტალური მონიშვნის განახლება; სხვა აუცილებელი სამუშაოები.

სამუშაოები განხორციელდება საქართველოს საგზაო უსაფრთხოების პროექტის ფარგლებში და მათი დაწყება 2026 წელს იგეგმება.

პროექტის მიზანია საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობისა და მათი სიმძიმის შემცირება, ასევე აღმოსავლეთ საქართველოს, თბილისის შემოვლითი გზისა და დასავლეთ საქართველოს მაგისტრალების უსაფრთხო ექსპლუატაციის უზრუნველყოფა.

პროექტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, რომლის ადმინისტრირებას ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) ახორციელებს.

ეს ამ პროექტზე ტენდერის მესამედ გამოცხადების შემთხვევაა, რადგან თავდაპირველად ის 2025 წლის ნოემბერში გამოცხადდა, მაშინ მითითებული იყო, რომ სამინისტრო 27 ლოკაციის საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების სამუშაოებს ჩაატარებდა. შემდეგ ტენდერი გამოცხადდა 2026 წლის იანვარში, ახლა კი წარუმატებელი ტენდერების შემდეგ ის მესამედ გამოცხადდა.

რაც შეეხება თავად აღნიშნულ გრანტს, ის EIB-მა საქართველოსთვის 2023 წლის ოქტომბერში დაამტკიცა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები