2020 წლიდან საქართველოს განათლების სისტემაში მნიშვნელოვანი ცვლილებები იგეგმება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთდროულად რამდენიმე სიახლე 2019-2020 სასწავლო წლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს შეეხებათ.
ცვლილება ეხება საატესტატო და ასევე, მისაღებ გამოცდებს, ხოლო მაგისტრატურას - არა.
„წელს ცვლილებები არ იქნება. ჩვენ ეს სიახლეები დავაანონსეთ წელიწადნახევრით ადრე, რომ როგორც აბიტურიენტები, ასევე უნივერსიტეტები და სკოლები მოემზადონ.
მისაღები გამოცდების მიმართულებით ერთადერთი ცვლილება ეხება დამატებით არჩევით გამოცდას. თუკი ერთზე მეტი არჩევითი გამოცდა აირჩია აბიტურიენტმა და რომელიმეზე ვერ გამოცხადდა ან ჩაიჭრა, მას ეკარგებოდა შანსი გრანტის მიღების, მიუხედავად იმისა, რომ დანარჩენ ოთხ საგანში მაქსიმალური ქულა ჰქონდა. ეს წესი გაუქმდება წელს. მისაღებ გამოცდებში დანარჩენი წელს არაფერი შეიცვლება“, - აღნიშნა შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ.

























