ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე მდებარე "მაგნოლიას" საცხოვრებელი კომპლექსის რეაბილიტაციის პროექტის მომზადებისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2.5 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი მეორედ გამოაცხადა, ვინაიდან პირველ შემთხვევაში მონაწილეობის სურვილი არავინ გამოთქვა.
წინა ტენდერი 16 ივნისს გამოცხადდა და წინადადებების მიღების ვადა 11-დან 16 ივლისამდე იყო. თუმცა წინადადება არავის წარუდგენია. ამ შემთხვევაში კი წინადადებების მიღება 19 აგვისტოს დაიწყება და 23-მდე გაგრძელდება.
ტენდერის შედეგად გამოვლენილმა კომპანიამ უნდა მოამზადოს რეაბილიტაციის პროექტი, შესაბამისად, ჯერჯერობით უცნობია უშუალოდ რა სახით განხორციელდება საცხოვრებელი კომპლექსის რეაბილიტაცია. ტერიტორია 15,012 კვადრატული მეტრის ფართობს მოიცავს. პროექტის მომზადების შემდეგ კი მთავრობა უშუალოდ რეაბილიტაციის ტენდერს გამოაცხადებს.
აღსანიშნავია, რომ ობიექტის რეაბილიტაციის დაწყების დაპირება მიმდინარე წლის 31 მაისს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ გასცა.
ცნობისთვის, "მაგნოლიას" საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა კომპანია "ცენტრ პოინტ აჭარამ" დაიწყო, თუმცა ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა და ობიექტის მშენებლობა არ დაასრულა, რის შემდგომაც მისი ვალდებულებები გადავიდა კომპანია "დექსუსზე", რომელმაც ობიექტის კარკასის მშენებლობა 2011 წელს დაასრულა, თუმცა ობიექტი მას შემდეგ წლების განმავლობაში თანდათან სავალალო მდგომარეობამდე მივიდა.
ბიზნეს რეესტრის თანახმად, უძრავი ქონება ეკუთვნის 2007 წელს დაფუძნებულ "გეითვეი ჰოლდინგს", (წარსულში ფროფერთი ინვესტის სახელით ოპერირებდა), კომპანიის 100%-ის წილი ეკუთვნის შპს "საინვესტიციო კომპანიას", რომლის 100%-იანი წილიც თავის მხრივ ეკუთვნის შპს "ოქტაგონ კაპიტალს", რომელიც 1996 წელს არის რეგისტრირებული (წარსულში ცენტრ პოინტის სახელით ოპერირებდა). კომპანიის დირექტორის პოსტს მაია რჩეულიშვილი იკავებს. რჩეულიშვილი ცენტრ პოინტის საქმეზე 2016 წელს დააკავეს, 2019 წელს კი მას 7-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. 2021 წლის სექტემბერში მან საპატიმრო საპროცესო შეთანხმებით დატოვა.
ამონაწერის თანახმად, "მაგნოლიას" ობიექტი სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილებებით და განჩინებებით მრავალჯერადი ყადაღის ქვეშ იმყოფება.




























