საუდის არაბეთში მიმდინარე კიბერსპორტის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომლის საპრიზო ფონდიც ისტორიაში უდიდესი 70 მილიონი დოლარია, წელს ღონისძიებას ელექტრონული ჭადრაკიც დაემატა, რომელიც Chess.com-ზე მიმდინარეობდა.
ტურნირამდე ფავორიტად მრავალგზის მსოფლიოს ჩემპიონი მაგნუს კარლსენი განიხილებოდა, რომელიც ჩემპიონატშიTeam Liquid-ის გუნდის სახელით ასპარეზობდა. მან ფინალში ირანელი დიდოსტატი, ალირეზა ფირუჯა (Team Falcons) ოთხი გამარჯვებით, ორი ფრეთი და ერთი წაგებით დაამარცხა. შედეგად, ნორვეგიელმა ჩემპიონობისთვის $250 000 მიიღო, რაც ჭადრაკის სტანდარტების მიხედვით საკმაოდ მაღალი ფულადი პრიზია. მეორე ადგილზე გასულ ფირუჯას $190 000 ერგო.
Esports-ის მსოფლიოს ჩემპიონატი 24 აგვისტოს დასრულდება. მატჩები SEF არენაზე იმართება, რომელიც 5 დარბაზისგან შედგება, მთავარი არენა კი 2200 მაყურებლისთვისაა განკუთვნილი. საპრიზო ფონდიდან $27 მილიონი გუნდურ სახეობებზეა გადანაწილებული, $38 მილიონი ინდივიდუალური თამაშების გამარჯვებულებს გადაეცემათ. ასევე $5 მილიონი საკვალიფიკაციო ეტაპზე გათამაშდება, ხოლო MVP-ის ჯილდოს მფლობელებისთვის $450 000-ია გამოყოფილი.




























