მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მაგთი", "ჯეოსელი" და "ბილაინი" - რამდენი მილიონის მოგება ჰქონდათ კომპანიებს 2017 წელს

5c16107308cda
შოთა ტყეშელაშვილი
17.12.18 10:56
3873
კომპანია „მაგთიმ’ 2017 წელს 404 მილიონი ლარის შემოსავლის გენერირება შეძლო და ამ თანხიდან კომპანიის მოგება 99 მილიონი ლარი იყო.

საქართველოს კომუნიკაციების ბაზარზე სამი კომპანია დომინირებს. მათგან ყველაზე დიდი საბაზრო წილი „მაგთის“ უჭირავს.

„მაგთი“ აგრეთვე ინტერნეტის ბაზარზეც ყველაზე დიდი მოთამაშეა.

კომუნიკაციების კომისიის მონაცემებით, „მაგთის“ ინტერნეტით 364 ათასი აბონენტი სარგებლობს.

ბაზარზე მეორე ადგილზე „სილქნეტია“, რომელმაც 2018 წელს მეორე უმსხვილესი მობილური ოპერატორი “ჯეოსელი” შეიძინა.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მონაცემებით, საქართველოში მობილური ოპერატორების აბონენტთა გადანაწილება ასეთია:

„მაგთი“ - 1,995,229 მომხმარებლი;
„ჯეოსელი“ - 1,790,198 მომხმარებელი;
„ბილაინი“ - 1,129,586 მომხმარებელი.

მობილური ოპერატორების 2017 წლის ფინანსური ანგარიშგებების მიხედვით, ყველაზე დიდი მოგება „მაგთის“ ჰქონდა, „ჯეოსელის“ მოგებამ 26 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო „ბილაინმა“ 50-მილიონიანი ფინანსური ზარალი განიცადა.

უფრო კონკრეტულად მაგთის შემოსავლების ძირითადი წყაროები ასეთია:

შემოსავალი სატელეფონო მომსახურებიდან - 209 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 8%;
შემოსავალი ინტერნეტის მიწოდებიდან - 77 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 247%;
შემოსავალი ურთიერთჩართვიდან - 56.4 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 9%;
შემოსავალი სატელიტური ტელევიზიიდან - 18.7 მილიონი ლარი, კლება 0.5%;
შემოსავალი ინტერნეტ ტელევიზიიდან - 18 მილიონი ლარი, ზრდა 260%;
შემოსავალი როუმინგიდან - 9 მილიონი ლარი, კლება 19%;
შემოსავალი ხაზების იჯარიდან - 6.5 მილიონი ლარი, კლება 13%;
ერთჯერადი მომსახურების შემოსავალი - 2.4 მილიონი ლარი, კლება 17%;

რაც შეეხება გაყიდვების თვითღირებულებას ანუ იმ ფასს, რაც „მაგთიმ“ მომხმარებელთათვის სერვისის მიწოდებაში თავად გაიხადა, ეს 262 მილიონ ლარს შეადგენდა.
ხარჯებს შორის 85 მილიონი ამორტიზაციასა და ტექნიკური აპარატურის ცვეთაზე მოდის, თანამშრომელთა ანაზღაურებაზე კი - 52.6 მილიონი ლარი; აბონენტთა სხვა ქსელებზე ურთიერთჩართვა 50 მილიონი ლარი დაუჯდა კომპანიას;

მთლიანობაში „მაგთის“ მოგება 2017 წელს 99 მილიონი ლარი იყო, რაც 2016 წელს არსებულ 76 მილიონიან მოგებასთან შედარებით 24%-ით მეტია.

შპს „მაგთიკომის“ მესაკუთრეები არიან:,,International Telcell Cellular, LLC - ამერიკის შეერთებულ შტატებში რეგისტრირებული კომპანია, რომელიც ფლობს კომპანიის 51%-ს და „Telcell Wireless, LLC“ - ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში რეგისტრირებული კომპანია, რომელიც კომპანიაში 49%-იანი წილის მფლობელია.
კომპანიის მაკონტროლებელ მხარეს წარმოადგენს გიორგი ჯოხთაბერიძე.

,,მაგთიკომი“, თავისი 6,100-ზე მეტი საბაზო სადგურის საშუალებით, საკომუნიკაციო ბაზარზე, დაფარვის ყველაზე ვრცელი არეალით გამოირჩევა და მოიცავს საქართველოს კონტროლირებადი დასახლებული ტერიტორიის 98%-ს.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები