მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Magti-ს და Silknet-ს მარეგულირებელში უჩივიან

5b16824db1326
სალომე მეცხვარიშვილი
05.06.18 16:40
4130
მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო კომპანიები Magti-სა (მაგთი) და Silknet-ს (სილქნეტი) კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში უჩივიან,- ამის შესახებ „მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო კომპანიების ასოციაციის“ ხელმძღვანელმა უჩა სეთურმა bm.ge-ს განუცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული კომპანიები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში თვითღირებულებაზე დაბალ, დემპინგურ ფასად სთავაზობენ მომხმარებელს ოთხმაგ შეთავაზებას, რომელიც მოიცავს, ინტერნეტს, ტელევიზიას და სხვა სერვისებს.

უჩა სეთური აცხადებს, რომ ამ საკითხზე კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას 4 განაცხადით მიმართეს, თუმცა, პასუხი ჯერ არ მიუღიათ.

"შეუძლებელია ტელევიზია და ინტერნეტი ქუთაისელებისთვის ღირდეს 12 ლარი და თბილისში ღირდეს იგივე ინტერნეტი 49 ლარი. ამორჩეულია კონკრეტული რეგიონები და ქალაქები და შეთავაზებულია მსხვილი ოპერატორების მიერ „მაგთისა“ და „სილქნეტის“ მიერ ძალიან დაბალი ტარიფები, რაც ანგრევს ბაზარს",- აცხადებს უჩა სეთური.

განაცხადების შესვლას თავად კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიაც ადასტურებს. კომისიის წევრი ვახტანგ აბაშიძე აცხადებს, რომ ამ განცხადების შესწავლას კომპლექსური კვლევა სჭირდება.

"დემპინგურია თუ არა ეს ფასები, სჭირდება სერიოზული კვლევა. სერიოზულ კვლევას სჭირდება მეთოდოლოგია. მეთოდოლოგიის ცვლილება მოხდა გასული და მიმდინარე წლის განმავლობაში",- აცხადებს აბაშიძე და აღნიშნავს, რომ მეთოდოლოგიის ჩამოყალიბება, სავარაუდოდ, სექტემბრისთვის მოხდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები