“მაგთიკომმა” დღეიდან ნომრის მომსახურების საფასური აამოქმედა. კომპანიის აბონეტებისთვის ეს გადასახადი 180 დღეში ერთ ლარს შეადგენს.
ტარიფის გაძვირება კი, რომელიც დღეიდან უნდა შესულიყო ძალაში და რომელიც 25-ლარიანი პაკეტის 30-ლარამდე ზრდას ითვალისწინებდა, შეჩერებულია.
შესაბამისი გადაწყვეტილება გასულ კვირას კომუნიკაციების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ მიიღო. გაძვირება 3 თვე არ მოხდება, ანუ იქამდე, ვიდრე კომისია ამ მიმართულებით კვლევას არ დაასრულებს. უწყებაში განმარატავენ, რომ ტარიფის გაძვირების შეჩერებასთან დაკავშირებით მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება სააბონენტო გადასახადს არ ეხებოდა.
რაც შეეხება “სილქნეტს”, კომპანიაში განმარტავენ, რომ სააბონენტო გადასახადი მათი მომხმარებლებისთვის არც ახლა და არც პირველი მარტიდან (როგორც იგეგმებოდა) არ ამოქმედდება. ტარიფების გაძვირების გადაწყვეტილება მათ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თხოვნის შემდეგ შეაჩერეს. “სილქნეტის” შემთხვევაში სააბონენტო გადასახადი 180 დღეში 1,2 ლარს შეადგენდა.
კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში აცხადებენ, რომ კომპანიების მხრიდან ტარიფების ზრდის საფუძველი არ არსებობს. კომისიამ ფიქსირებული და მობილური ქსელით მომსახურებების ბაზრის კვლევა უკვე დაიწყო.
“აღნიშნულ საკითხს კომისია პრიორიტეტულად იღებს და კვლევის დასრულების შემდეგ გარკვეულ მომსახურებებზე ზღვრული ტარიფების შემოღებას არ გამორიცხავს", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

























