მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მაია ბითაძე: კ2 კოეფიციენტების ზრდა უძრავ ქონებას აუფასურებს

5c669cc60571d
სალომე მეცხვარიშვილი
15.02.19 15:05
2113

"კ2 კოეფიციენტების ზრდა აუფასურებს უძრავ ქონებას", – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ პრესკონფერენციის შემდეგ განაცხადა, რომელზეც ცნობილი გახდა, რომ კ2 კოეფიციენტების ზრდა თბილისში აიკრძალება და დეველოპერებს აღარ შეეძლებათ, დამტკიცებულ პროექტებზე სიმაღლის ზრდა მოითხოვონ.

მაია ბითაძე ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებას ბიზნესი გაგებით მოეკიდა.

"ეს რეგულაცია ძალაში შევა უახლოეს მომავალში. არცერთი კოეფიციენტი არ იქნება მომატებული, არც ინდივიდუალურად და არც განაშენიანების რეგულირების გეგმის ფარგლებში. ეს იყო ის მავნე პრაქტიკა, რომელმაც ჩვენი დედაქალაქი ურბანულ დაღუპვამდე მიიყვანა და დღეს ის, რაც თბილისში ხდება, განპირობებულია სწორედ იმით, რომ 2005 წელს მიიღეს გადაწყვეტილება, რომელსაც არცერთი სახელმწიფო არ მიიღებდა და არ ავნებდა თავის დედაქალაქს ისე, როგორც ეს მოხდა თბილისის შემთხვევაში. კოეფიციენტების გადამეტება, თავის შინაარსით, ნიშნავს იმას, რომ ფულის სანაცვლოდ სუბიექტი ყიდულობს მეტი ფართობის აშენების საშუალებას იქ, სადაც ეს არ შეიძლება", – განაცხადა მერის მოადგილემ და დასძინა, რომ ერთი კვირის განმავლობაში საკრებულოს წარედგინება დოკუმენტი, რაც მერიის გადაწყვეტილებას იურიდიულ ძალას მისცემს.

ამასთან, ბითაძემ ოპონენტების განცხადებებს უპასუხა.

"იყო ხშირად მოსაზრება, რომ კახი კალაძე და მისი გუნდი ხელს უშლიან მშენებლობებს. ჩვენ კი სწორ რეგულირებას ვუჭერდით მხარს. საბოლოო ჯამში, ბიზნესსექტორი, რომელიც ჩვენთან აქტიურად თანამშრომლობს, გაგებით მოეკიდა ამ გადაწყვეტილებას. მათთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ როდესაც დეველოპერული კომპანია მოაწყობს უბანს, არ ჰქონდეთ შიში, რომ წინ რომელიმე დეველოპერული კომპანია იყიდის კოეფიციენტით დამატებით ფართს და საერთოდ დაჩრდილავს მის მიერ აშენებულ კორპუსებს. ეს იწვევს უბნების ღირებულების გაუფასურებას, ეს იწვევს უძრავი ქონების გაუფასურებას. ჩვენ უკვე ვიცით, თბილისში ძალიან ძვირფას და ცენტრალურ ადგილებში ქონება რამდენად გაუფასურებულია. აქ არ არის საუბარი მხოლოდ შენობების სიმაღლეზე, საუბარია სიგანეზეც, როდესაც სივრცეები არის სრულად შეჭმული", - აცხადებს ბითაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები