მაია ბითაძე: თუ სახლში არ დავიწყეთ ნარჩენების დახარისხება, გაგვიჭირდება
დავით ჯალაღონია
03.03.19 20:05
• 3234
თბილისის მერია EBRD–თან სტრატეგიაზე მუშაობს, რომლის მიხედვით, დედაქალაქში ნარჩენების სეპარირებული შეგროვება უნდა დაიწყოს.
როგორც მერის მოადგილემ BM.GE–ს განუცხადა, სტრატეგიაში გაწერილი იქნება, თბილისი რამდენ ნარჩენს წარმოქმნის და ამ ნარჩენებში, რამდენია პლასტიკი, ქაღალდი და შუშა.
"ჯერ უნდა ვიცოდეთ რაოდენობა, რის მიხედვითაც სამარშრუტო სქემები უნდა შედგეს, ახალი მანქანები შემოვიდეს, ახალი აპარატები დამონტაჟდეს. ეს ძალიან სერიოზული ვალდებულებაა ასოცირების ხელშეკრულებისა და მეორეს მხრივ, ეს არის გადარჩენა ჩვენი ნაგავსაყრელის, რადგან არ შეიძლება ნაგავსაყრელი მუდმივად იზრდებოდეს არაბიოდეგრადირებადი ნარჩენით, რომლის გახრწნას ასეულობით წელი სჭირდება. ჩვენ ამასთან დაკავშირებით საინტერესო პროექტი წამოვიწყეთ. თითქმის ყველა დიდ პარკში ვათავსებთ ბანერებს, სადაც ცნობიერების ამაღლების კუთხით განთავსებულია ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რამდენ ხანში იხრწნება ეს შესაფუთი მასალები", – განაცხადა მერის მოადგილემ.
რაც შეეხება ახალ ნაგავმზიდ მანქანებს, მერია მათ შემოყვანას მას შემდეგ ვარაუდობს, რაც ნარჩენების სეპარირებას მოქალაქეები საკუთარ სახლებში დაიწყებენ.
"მოქალაქეებმა ისიც უნდა გაითვალისწინონ, რომ სახლში მოუწევთ დასეპარირება, შესაბამისად, ჩვენ ვემზადებთ. ჩვენი ნაგავმზიდი მანქანების სამარშუტო სქემებს ვცვლით, რადგან სხვადასხვა ნარჩენი სხვადასხვა მანქანამ უნდა წაიღოს. ასევე, ვყიდულობთ ახალ მანქანებს, რადგან სპეციალური მანქანები სჭირდება სხვადასხვა ნარჩენს და უკვე ვფიქრობთ, რომ რიგ შემთხვევაში, მიწისქვეშა ნაგვის ურნებიც განვათავსოთ და მიწისზედა ურნები, რომლებიც ზოგი ბოთლს მიიღებს, ზოგი – შუშას. იქ ვეღარ შევძლებთ ჩვენ სხვა ნარჩენის ჩაყრას.
ჩვენ თუ სახლში არ დავიწყეთ ეტაპობრივად ნარჩენების სეპარირება, ძალიან გაგვიჭირდება. მსოფლიოში ტენდენციაა, რომ პლასტიკი საერთოდ ამოდის ხმარებიდან, ხოლო რაც ხმარებაშია, მათი მეორადი გადამუშავება ხდება და ჩვენც ამისკენ მივისწრაფით", – აღნიშნა თბილისის მერის მოადგილემ.