მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მაია ცქიტიშვილი: "2019 წელს 1,2 მლრდ დოლარის საერთაშორისო ტენდერებია დაგეგმილი"

5c18f8c6da04e
თელარა გელანტია
18.12.18 17:43
823
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა „ელჩების კონფერენცია - 2018“-ის მონაწილეებს სამინისტროს პრიორიტეტები გააცნო.

ამის შესახებ სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზშია ნათქვამი.

„მინდა გთხოვოთ, რომ დაგვეხმაროთ ძლიერ და ავტორიტეტულ კომპანიებთან კომუნიკაციაში, რათა ისინი დავაინტერესოთ ჩვენს ქვეყანაში დაგეგმილი მსხვილი ინფასტრუქტურული პროექტებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ხარისხიანად და დროულად შესრულებული კონკრეტული პროექტების გარდა, აქ დატოვებენ ისეთ გამოცდილებას და ცოდნას, რაც მომავალში გამოგვადგება“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა საზღვარგარეთ დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეხვედრაზე განაცხადა.

ვიცე-პრემიერი კონფერენციის ფარგლებში, იმ სესიაში მონაწილეობს, სადაც სოციალური და ეკონომიკური საკითხების განხილვა მიმდინარეობს.

სესიაზე წარდგენილ პრეზენტაციაში მაია ცქიტიშვილმა ყურადღება მიმდინარე და დაგეგმილ მნიშვნელოვან პროექტებზე გაამახვილა.

მინისტრის თქმით, მომავალ წელს მხოლოდ საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით 1,2 მილიარდი დოლარის საერთაშორისო ტენდერებია დაგეგმილი.

„მიმდინარეობს აღმოსავლეთ-დასავლეთისა და ჩრდილოეთ-სამხრეთის ავტომაგისტრალების მშენებლობა და ეს უმნიშვნელოვანესი პროექტებია ქვეყნის სრულფასოვანი განვითარებისთვის. წელს რეაბილიტირდა 210 კმ გზა, მომავალ წელს კი 300 კმ გზის საფარის განახლება იგეგმება. 2012 წლიდან დღემდე განხორციელდა 566 მილიონი ლარის ღირებულების წყალმომარაგების პროექტები, რომლითაც სარგებლობს 430 ათასი ბენეფიციარი“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მინისტრის ინფორმაციით, მიმდინარეობს მასშტაბური წყალმომარაგება/წყალარინების პროექტები ზუგდიდში, ურეკში, ჭიათურაში, აბაშასა და ქუთაისში, ხოლო 2019 წელს დაგეგმილია წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია გუდაურში, მარნეულში, მესტიასა და თელავში.

„ელჩების კონფერენცია 2018“ დღეს გაიხსნა და მას საქართველოს პარლამენტი მასპინძლობს. ღონისძიების სლოგანია - „ქართული დიპლომატია ქვეყნის თავისუფლების, კეთილდღეობისა და სწრაფი განვითარებისთვის“.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები