მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მაია ცქიტიშვილი ბიძინა ივანიშვილის წერილს აფასებს

5cab439ebed8b
თელარა გელანტია
08.04.19 16:49
853
„დავინახე ანალიზი იმ მოვლენების, რომელიც ბოლო 30-წლიანი ისტორიის განმავლობაში ვიხილეთ ჩვენს ქვეყანაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება გაერთიანდეს იმ საერთო პრობლემების დასაძლევად, რომელიც პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად ერთია ყველასთვის, - ასე შეაფასა საქართველოს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის დღეს გამოქვეყნებული ღია წერილი.

ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მაია ცქიტიშვილის თქმით, ეროვნული სულისკვეთების ნიადაგზე საზოგადოების კონსოლიდაცია აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა უკეთესი გავხადოთ.

„როდესაც ვსაუბრობთ ქვეყნის განვითარებასა და იმაზე, თუ რას გვინდა რომ მივაღწიოთ, მოგვყავს განვითარებული ქვეყნების მაგალითი. მარათალია, ამ ქვეყნების დემოკრატიის დონესთან ჩვენი მენტალობითა და სულისკვეთებით, ვართ ძალიან ახლოს, მაგრამ იგივეს ვერ ვიტყვით ეკონომიკური განვითარების მიმართულებით. ამის მიზეზი ბევრია - ესაა პრობლემები განათლების სფეროში, კომპეტენციებისა და კვალიფიკაციის ნაწილში, რაც სჭირდება სოფლის მეურნეობის ან ეკონომიკის განვითარებას. ბევრ რეგიონში ჯერაც არ გვაქვს წვდომა ხარისხიან სასმელ წყალზე, უსაფრთხო გზებზე, საბავშვო ბაღებზე, ანუ ელემენტარულ ინფრასტრუქტურაზე. ეს აჩვენებს ზუსტად იმას, რომ ხშირად ეკონომიკური განვითარება არ შეესაბამება ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. ამ შეუსაბამობას, სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, არაკეთილსინდისიერად იყენებენ ოპონენტები და ცდილობენ ნეგატიური მუხტი შევიდეს საზოგადოებაში, რომელიც ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება, მაგრამ ნამდვილად არ ემსახურება ჩვენი ქვეყნის განვითარების ძირითად სტრატეგიას და ხედვას,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილმა 9 აპრილის 30 წლისთავთან დაკავშირებით წერილი გამოაქვეყნა, სადაც ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს შეეხო. ივანიშვილის შეფასებით, „ოცნების“ მთავრობამ ეროვნული ეკონომიკის უკლებლივ ყველა სფეროში თვალსაჩინო პროგრესი აჩვენა“.

„როგორც წესი, ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ეკონომიკურ განვითარებას თან სდევს დემოკრატიის პროგრესი და ადამიანის უფლებების სტანდარტის ზრდა. ჩვენს ქვეყანაში, იმის გამო, რომ პირველი ოქტომბრის არჩევნების შედეგად მოსულმა ხელისუფლებამ უზრუნველყო დემოკრატიის მაღალი სტანდარტი და პოლიტიკური უფლებების სფეროში თამასა ევროპულ სიმაღლემდე ასწია, ჩვენი ეკონომიკური მოცემულობა ობიექტურად ჩამორჩა ამ სტანდარტს. სწორედ ამას იყენებენ ქაოსის მსურველი ძალები, სარგებლობენ რა ჩვენს მიერ დამკვიდრებული დემოკრატიული ინსტრუმენტებით და ეკონომიკურ პრობლემებზე სპეკულირებით კვლავ ფიქრობენ რევანშზე, ცდილობენ დაგვაბრუნონ 90-იანი წლების სიბნელეში და დღესაც, მათი მთავარი დასაყრდენი კვლავ რაციონალიზმზე გამარჯვებული ემოციებია.

მიუხედავად იმისა, რომ „ოცნების“ ხელისუფლებამ ამ ექვსი წლის მანძილზე რეგიონალური თუ გლობალური პოლიტიკურ-ეკონომიკური გამოწვევების ფონზე, რეალური შესაძლებლობის თითქმის მაქსიმუმი გააკეთა და ეროვნული ეკონომიკის უკლებლივ ყველა სფეროში თვალსაჩინო პროგრესი აჩვენა, სწორედ „ოცნების“ ხელისუფლებას უყენებენ პრეტენზიას იმ სოციალურ-ეკონომიკური კოლაფსისთვის, რომელშიც ქვეყანა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ აღმოჩნდა. ნიშანდობლივია, რომ ყველაზე ხმამაღლა იმ ხალხის პრეტენზია ისმის, ვინც იმ წლების განმავლობაში ყველაფერი გააკეთა, რომ ეს კოლაფსი დამდგარიყო.

ქვეყნის სტაბილურ წინსვლას რეალისტური და მკაფიო ამოცანები, მოთმინება და თანმიმდევრულობა სჭირდება. წინსვლა არ არის მყისიერი პროცესი. ის ითხოვს ხანგრძლივ სამოქალაქო მშვიდობას, რომელიც არ მიიღწევა ბარიკადების პირობებში. ამისთვის აუცილებელია ერთსულოვნება. სწორედ ის მდგომარეობა, რომელშიც ჩვენ ვიყავით 1989 წლის 9 აპრილს, როდესაც არავინ კითხულობდა, თუ ვინ სად იდგა მანამდე, როცა ამპარტავნება და ეგოიზმი ვერ ერეოდა საერთო საქმეს, როცა საკუთარი თავი კი არ მოსწონდათ ეროვნულ მოძრაობაში, არამედ პირიქით, ეროვნული მოძრაობა - საკუთარ თავში.

პოლიტიკა არის შესაძლებლის ხელოვნება, ანუ მხოლოდ ის, რაც რეალურად მიღწევად მიზანს ემსახურება, ხოლო ხალხისთვის პოლიტიკად შესაღება იმისა, რაც შესაძლებლის მიღმა დგას - უბრალოდ მავნებლობაა, რადგან არარეალური მიზნები ქმნიან ცრუ მოლოდინებს, მათი მიუღწევლობა კი შობს იმედგაცრუებას და ნიჰილიზმს და ძალიან სწრაფად იწვევს ეროვნული ენერგიის სრულ გამოფიტვას. გამოცდილება გვასწავლის, რომ ასეთი სულსწრაფი მცდელობები, წინსვლის და განვითარების ნაცვლად უკუსვლას იწვევს, რასაც, როგორც წესი, შედეგად ქაოსი და დესტაბილიზაცია მოჰყვება ხოლმე.

მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური წარსულისა, დღეს მოქალაქეები ისევ ერთი მიზნისთვის უნდა გავერთიანდეთ.

ეს არ ნიშნავს მეხსიერების წაშლას, არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს მიეტევოს ჩადენილი დანაშაული, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ „ეშმაკი ყოფს“ და განხეთქილებისკენ გვიბიძგებს! უნდა დასრულდეს პრინციპულობის ლოზუნგით საზოგადოების გახლეჩვა, თითის გაშვერა, ერთმანეთის დამუნათება და პოლიტიკური წარსულის მუდმივი შეხსენება. ყველგან, სადაც იქნება ემოციების გამარჯვება საღ აზრზე, განზე გადგომა და თანამოაზრეებთან დაპირისპირება, იქ იქნება ქაოსის ძალების დასაყრდენი, იქ იქნება 9 აპრილის იდეალების ღალატი.

წარსულში მიბრუნება დღეს სრულიად წარმოუდგენელია. წინ მხოლოდ რაციონალური პოლიტიკის, განვითარებისა და დემოკრატიის გზაა. ქართული სახელმწიფოს წინსვლის შეუქცევადობა მხოლოდ საერთო მიზნისთვის მთელი საზოგადოების დარაზმულობაზეა დამყარებული“, - წერს ივანიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები