საქართველოს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა კიდევ ერთხელ შეაფასა 20-21 ივნისის მოვლენები და განაცხადა, რომ კონკრეტული ინციდენტი რუსოფობიაში არ უნდა გადაიზარდოს.
"სრულიად სამართლიანი პროტესტი გამოიწვია დუმის დეპუტატის საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძელში აღმოჩენამ და ამ პროტესტს ჩვენი პოლიტიკური გუნდიც შეუერთდა. სწრაფად მოჰყვა რეაგირება და შეწყდა ასამბლეა. ამ ინციდენტს არაფერი საერთო არა აქვს რუსი ხალხის მიმართ ჩვენს განწყობასთან, ეს არ უნდა გადაიზარდოს რუსოფობიაში. მინდა დავადასტურო, რომ ღია ვართ რუსი მეგობრების მიმართ, ვინც კეთილგანწყობილია საქართველოსადმი და რუსეთის მოქალაქეების, ტურისტების მიმართ, რომლებიც აქ ჩამოდიან და რომელთაც უყვართ საქართველო", - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
მისივე თქმით, მიუღებელია რადიკალური ჯგუფების ის ქცევა, რა ფორმითაც მოხდა რუსეთის დელეგაციის საქართველოდან გაძევება, როცა შსს-ს მათი აგრესიისგან დაცვა მოუხდა.
"ეს ნამდვილად არ შეეფერება ჩვენს სულისკვეთებას, რომელიც გვაქვს რუსი ხალხის და ყველა სხვა ერის მიმართ", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

























