მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მაია ცქიტიშვილი: "ისევ ანაკლიის კონსორციუმთან ურთიერთობის გაგრძელება გვირჩევნია"

5c93c0f9b17c1
თელარა გელანტია
21.03.19 21:43
697
ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინი გვაქვს იმ თვალსაზრისით, რომ დღემდე ბევრი რამეა გაკეთებული, მათ შორის კონსორციუმის მხრიდან - განაცხადა დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, დეპუტატების შეკითხვების საპასუხოდ, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა.

„ის დრო, რომელიც არის დახარჯული ამ პროექტის განხორციელებაში, დაფინანსების მოზიდვაში, ბანკებთან საუბარში, პროექტირების ნაწილში, კვლევებში - ეს ყველაფერი არის სახეზე და ჩვენც ამიტომ გვირჩევნია ისევ ამ კონსორციუმთან ურთიერთობის გაგრძელება, რადგან უკვე არსებობს ბაზისი, რომელზეც უფრო მარტივია კიდევ რაღაცის დაშენება, ვიდრე სრულიად ახალი ინვესტორის მოძიება,“ - აღნიშნა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა.

მაია ცქიტიშვილის თქმით, დღეს რთულია იმაზე საუბარი იყო თუ არა სწორი სახელმწიფოს მხრიდან, თავდაპირველი პირობების რამდენჯერმე გადავადებაზე დათანხმება.
„დამერწმუნეთ, მაშინ როდესაც ეს გადაწყვეტილებები მიიღებოდა, ყველას ძალიან სურდა ამ პროექტის განხორციელება და რა თქმა უნდა, ყველას გვინდოდა, რომ ქართული ინვესტიცია ყოფილიყო ამ პროექტში... თუ დღევანდელი გადასახედიდან შევხედავთ ამ პროცესს, ალბათ, სახელმწიფომ სათანადოდ ვერ დაიცვა თავისი ინტერესები.

სამწუხაროდ, დღეს, სწორედ იმის გამო, რომ მთავრობა თავს არიდებდა პრობლემებზე საუბარს, რადგან არავითარი რისკი, პრობლემა და ეჭვიც კი არ გაჩენილიყო, იმის შესაძლებლობა მისცა დაინტერესებულ მხარეს, რომ სახელმწიფო წარმოაჩინოს ამ პროექტის და ამ კონკრეტული ინვესტორის შესაძლო წარუმატებლობის მთავარ მიზეზად,“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, „სახელმწიფომ სათანადოდ ვერ დაიცვა საკუთარი ინტერესები და ახლა ჩვენ ვართ იმ მდგომარეობაში, როდესაც ყველანი ერთად ვმსჯელობთ იმაზე, რომ კონკრეტულ ინვესტორს მივცეთ თუ არა სესხის სრული კომერციული უზრუნველყოფა და შევიდეთ თუ არა - ინვესტორის რისკებში“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები