მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაიკლ ბერის აზრით, TESLA-ს საბაზრო შეფასება უაზროდ მაღალია

ბერი

ცნობილი ამერიკელი ინვესტორის, ფილმ The Big Short-ის ვარსკვლავის, მაიკლ ბერის განცხადებით, Tesla-ს საბაზრო შეფასება უაზროდ მაღალია.

როგორც ბერი აღნიშნავს, უკვე დიდი ხანია, რაც Tesla-ს შეფასება გასცდა ლოგიკურ საზღვრებს და ის ამჟამად სიგიჟის ზონაშია. მისი აზრით, ამ შეფასების მიღმა არა ფინანსური შედეგები ან ინოვაციური პროდუქტები, არამედ ილონ მასკი დგას, რომელიც ინვესტორებს ხან ერთ რევოლუციას უანონსებს და ხან – მეორეს.

ილუსტრაციის მიზნით, ბერის ის მაგალითი მოჰყავს, რომ თავდაპირველად Tesla-ს ფოკუსი ელექტრომობილების წარმოებაზე იყო, თუმცა კონკურენტებთან ჩამორჩენის შემდეგ, კომპანია ავტოპილოტის ტექნოლოგიაზე გადაერთო. ამის შემდეგ, ავტოპილოტის შექმნა სხვა კომპანიებმაც დაიწყეს, ამიტომ ილონ მასკმა ტრადიციას არ უღალატა და ახალი სამიზნე აირჩია – რობოტების რევოლუცია, რომელიც კონკურენტების გამოჩენის შემდეგ, სავარაუდოდ, ახალი დაპირებით ჩანაცვლდება.

ბერის შეფასებით, მასკი ყოველ 3-4 წელიწადში კომპანიას ახალ, ამბიციურ მიზანს უსახავს და როგორც კი ხვდება, რომ ამ მიზნის მიღწევა შეუძლებელია ან კონკურენტები უკეთესები არიან, ის ნარატივს ცვლის და ინვესტორებს აჯერებს, რომ Tesla-ს სტრატეგია უფრო შორეულ მომავალზეა ორიენტირებული, ვიდრე წინა წელს დასახულ მიზნებზე.

უნდა აღინიშნოს, რომ Tesla-ს კაპიტალიზაცია ამჟამად 1.4 ტრილიონ დოლარს შეადგენს, რაც ყველაზე დიდ ავტომწარმოებელ კომპანიაზე, Toyota-ზე 5.5-ჯერ მეტია. საბაზრო შეფასებაში ამ კოლოსალური აცდენის მიუხედავად, Toyota-ს თითქმის 6-ჯერ დიდი მოგება აქვს, ვიდრე Tesla-ს, რაც მაიკლ ბერის მსგავსი ინვესტორების შეშფოთებას იწვევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები