მაიკლ ბლუმბერგი Forbes-ის 2020 წლის ფილანთროპთა სიაში მესამე ადგილს იკავებს და მის მიერ შემოწირულობის სახით გაღებული თანხის ოდენობა $1.6 მილიარდ დოლარს უტოლდება.
ფილანთროპის მიერ განხორციელებული ფულადი დაფინანსება ისეთი გლობალური პრობლემების გადაჭრისკენ არის მიმართული, როგორებიცაა: კლიმატური ცვლილება, საყოველთაო ჯანდაცვა, განათლება და ხელოვნება.
თუმცა, ბლუმბერგის მიზანი ექსპერტებში ხშირად ეჭვს იწვევს. ექსპერტთა რიცხვს მომხმარებელთა საადვოკატო ბიუროს, “მომხმარებელთა არჩევანის ცენტრის” დირექტორი იაელ ოსოვსკი მიეკუთვნება. ოსოვკსის ვრცელ მოსაზრებას გავლენიანი ამერიკული ჟურნალი „ვაშინგტონ ეგზამინერი“ აქვეყნებს. მისი განცხადებით, Bloomberg Philanthropies-ის მიერ განვითარებადი ქვეყნების პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობა საფრთხის შემცველია.
როგორც ოსოვსკი აღნიშნავს, ნიუ-იორკის ყოფილ მერს გლობალური ამბიციები აქვს. ბლუმბერგი აქტიურად არის ჩართული თამბაქოსა და გაზიანი სასმელების წინააღმდეგ მიმართულ საერთაშორისო კამპანიებში. მისი გავლენა ვრცელდება არაერთ ქვეყნაში, მათ შორისაა: იაპონია, ინდოეთი, პერუ და ფილიპინები. მისი ძალისხმევით ამ ქვეყნებში დაწესდა გადასახადი გაზიან სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე, ასევე, მკაცრი რეგულაციები და აკრძალვები ამოქმედდა ალკოჰოლსა და თამბაქოს ელექტრონულ მოწყობილობებზე.
ბოლო პერიოდში ფილანთროპი აქტიურად აფინანსებდა ჯანმოს Covid19-ის კვლევებს. განხორციელებული ინიციატივების შედეგად კი მაიკლ ბლუმბერგი მესამედ დასახელდა ორგანიზაციის “არაგადამდები დაავადებების გლობალურ ელჩად”.
იაელ ოსოვსკი მიიჩნევს, რომ ჯანმოს მეშვეობით ბლუმბერგი სხვადასხვა ქვეყანაში საკუთარი გავლენის გავრცელებას ცდილობს. ამ არგუმენტის საფუძველს კი ფილანთროპის მიერ ორგანიზაციისთვის განხორციელებული ფულადი შემოწირულობა და ჯანმოს მიერ გატარებული პოლიტიკა წარმოადგენს.
მაგალითად, 2013 წელს ებოლას ეპიდემიის დროს ჯანმოს გადაწყვეტილებებმა ჯანდაცვის ექსპერტების მხრიდან კრიტიკა და ნეგატიური შეფასებები დაიმსახურა.
მართალია, COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლაში ორგანიზაციის წარუმატებლობის მთავარ მიზეზს მოულოდნელობის ფაქტორი წარმოადგენდა. თუმცა ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ჯანმო მოუმზადებელი იყო ამ გამოწვევისთვის, რადგან მის მთავარ ინტერესს გლობალური კრიზისებისთვის მზადების ნაცვლად, გაზიან სასმელებზე გადასახადების დაწესება და მესამე მსოფლიოს ქვეყნებში ელექტრონული სიგარეტების აკრძალვა წარმოადგენდა.
ებოლას ეპიდემიის შესახებ ჯანმოს წარმომადგენლებმაც გააკეთეს განცხადება და აღიარეს, რომ მსოფლიო და თავად ორგანიზაციაც არ იყო მზად ამ ტიპისა და მასშტაბების მქონე ვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად.
ექსპერტები ორგანიზაციის გადაწყვეტილებების არაეფექტურობას აღნიშნავენ Covid-19-ის პანდემიის პერიოდშიც. იაელ ოსოვსკი მის არაეფექტურობას ბლუმბერგის ჩართულობასაც უკავშირებს. რადგან, იმის ნაცვლად, რომ ჯანმო ორიენტირებული იყოს ექიმებისა და სამედიცინო პერსონალის საჭირო აღჭურვილობით მომარაგებასა და უზრუნველყოფაზე, ბლუმბერგის დაფინანსება უბიძგებს ორგანიზაციას, ხელი შეუწყოს გაზიან სასმელებზე გადასახადის დაწესებას, თამბაქოს ტრადიციული პროდუქტებისა და გასახურებელი მოწყობილობების აკრძალვას განვითარებად ქვეყნებში, “ვაშინგტონ ეგზამინერში” გამოქვეყნებულ სტატიაში წერს იაელ ოსოვსკი.
ექსპერტის განცხადებით, ბლუმბერგის მისია დიდ პრობლემას წარმოადგენს. ის ხელს უშლის არჩევანის თავისუფლებას, ერევა სხვადასხვა ქვეყნის საკანონმდებლო სისტემების საქმიანობასა და ლეგიტიმური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, შესაბამისად, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

























