სოთბის სააუქციონო სახლს სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მაისური გასაყიდად გამოაქვს. საუბარია ლეგენდარული მაიკლ ჯორდანის “ჩიკაგო ბულსის” მაისურზე, რომელიც 1996-97 წლების საჩემპიონო სეზონში ეცვა. ექსპერტების განცხადებით, აღნინშნული მაისური ჯორდანს ყველაზე ხშირად ეცვა და აუქციონებზე ასეთი დოკუმენტირებული სპორტული სამოსის ლოტი ჯერ არ გამოსულა. მაისურის საწყის ფასად სააუქციონო სახლში 4-დან 6 მილიონ დოლარამდე თანხაა მითითებული და ექსპერტები საკალათბურთო რეკორდის მოხსნასაც ელოდებიან.
მაიკლმა 23-ნომრიანი ერთი და იმავე ფორმით 5 თვე ითამაშა და ეს ფაქტი მინიმუმ 17 თამაშში არის ფოტოებით დამტკიცებული. 17 თამაშს შორის ერთ-ერთი ფინალურ სერიაში არსებული მეხუთე თამაშია “იუტა ჯაზის” წინააღმდეგ, სადაც ემჯეი მოწამლული და სიცხიანი იყო. ამის მიუხედავად მან 44 წუთი გაატარა პარკეტზე, დააგროვა 38 ქულა, შვიდი მოხსნა და ხუთი გადაცემა.
ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ მაისური კერძო მყიდველის ხელში იყო მას შემდეგ, რაც გუნდმა იგი თავდაპირველად გაყიდა, ვინაიდან ჯორდანთან დაკავშირებული ნივთები დროთა განმავლობაში სხვების მფლობელობაში იმყოფებოდა.
სოთბის აუქციონზე “კოლოსალური რაოდენობით ჯორდანის ეკიპირების კოლექცია” 23 ოქტომბრიდან 4 ნოემბრის ჩათვლით გასხვისდება. ნივთებს შორის იქნება 1992 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილე 13 კალათბურთელისგან ხელმოწერილი აშშ-ს დროშა, რომელიც ჯორდანს თავისი პირადი სპონსორის “რიბოკის” ლოგოს გადასაფარად მხარზე ჰქონდა გადაკიდებული.
ამას გარდა ჩრდილოეთ კაროლინას კოლეჯში ნაცვამი სავარჯიშო გასახურებელი მაისური, “ჩიკაგო ბულსის” 1989 წლის მაისური, რომელიც 2 მილიონ დოლარად ფასდება და 1998 წლის პლეი-ოფში “ნიუ ჯერსი ნეტსის” წინააღმდეგ ნაცვამი მაისური, რომლის ღირებულებაც მინიმუმ 1 მილიონ დოლარადაა შეფასებული.