ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელის მაიკლ ჯორდანის საკოლექციო ნივთები ყოველთვის ძვირად იყიდება, თუმცა Goldin-ის სააუქციონო სახლში გამოტანილმა 2003/04 წლების ხელმოწერილმა ბარათმა ღირებულების თვალსაზრისით ჯორდანის ყველა სხვა ბარათს გადააჭარბა.
აღნიშნულ საკოლექციო ნივთზე ჯამში 9 შეთავაზება გაკეთდა, რომლიდანაც ყველაზე მაღალი 2,9 მილიონიანი აღმოჩნდა.
ბარათების პროფესიონალი შემფასებლების მიერ (PSA) აღნიშნული ნივთი უმაღლესი 10 ქულითაა შეფასებული, რაც ნივთის ავთენტიკურობის გარდა მისი შენახვის უმაღლეს ხარისხზეც მიუთითებს.
ცნობისთვის, ყველაზე ძვირად 1954 წლის ბეისბოლის ლეგენდის მიკი მანტლის ბარათია შეფასებული, რომელიც 2022 წელს Heritage-ის სააუქციონო სახლმა 12,6 მილიონ დოლარად გაყიდა.
რაც შეეხება ჯორდანის ნივთებს შორის ყველაზე ძვირად ღირებულს, ეს 1998 წლის NBA-ის ფინალის პირველ თამაშში ნაცვამი მაისურია, რომელიც სოთბის სააუქციონო სახლმა 2022 წელს 10,1 მილიონ დოლარად გაყიდა.