ევროპა უნდა მოემზადოს "მაიმუნის ჩუტყვავილას" ვირუსის შემთხვევების მატებისთვის.
დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპულმა ცენტრმა (ECDC) თავის დასკვნაში აღნიშნა, რომ ევროკავშირისა და ევროპის ეკონომიკური ზონის (EAA) მოსახლეობისთვის, რომელშიც 30 ქვეყანა შედის, საერთო რისკის დონე ამ ეტაპზე „დაბალია“, თუმცა შემთხვევების მატებისთვის ევროპა მზას უნდა იყოს.
შვედეთმა დაადასტურა, რომ მის ტერიტორიაზე აფრიკაში გავრცელებული დაავადება, "მაიმუნის ყვავილი" აღმოჩნდა. პირი, რომელსაც დიაგნოზი დაუდგინდა, აფრიკაში დაავადდა, სადაც ახლა "მაიმუნის ყვავილის" ახალი ვარიანტი სწრაფად ვრცელდება. შვედეთის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება რამდენიმე საათის შემდეგ გავრცელდა, მას შემდეგ, რაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ (WHO) აფრიკის ნაწილებში მაიმუნის ყვავილის გავრცელება გლობალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის საფრთხედ გამოაცხადა.
„ევროპასა და აფრიკას შორის მჭიდრო კავშირების გათვალისწინებით, Clade I-ის შემთხვევების რაოდენობის გაზრდისთვის მზად უნდა ვიყოთ“, - ნათქვამია ECDC-ის დირექტორის, პამელა რენდი-ვაგნერის განცხადებაში. სააგენტო ხაზს უსვამს, რომ „ეფექტური მეთვალყურეობის, ლაბორატორიული ტესტირების, ეპიდემიოლოგიური გამოკვლევებისა და კონტაქტის თვალთვალის უზრუნველყოფა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კონტინენტზე შემთხვევების იდენტიფიცირებისთვის“.
ამ კვირაშივე, ახალი, უფრო საშიში mpox შტამის, რომლის სახელწოდებაა Clade 1b, სწრაფი გავრცელების გამო, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა - ეს არის განგაშის ყველაზე მაღალი დონე, რომელიც ჯანმოს შეუძლია გამოაცხადოს. კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის ცნობით, ვირუსი ამ ქვეყანაში უკვე ფართოდ არის გავრცელებული და წელს მისგან 548 ადამიანი დაიღუპა.
აფრიკის ფარგლებს გარეთ ინფიცირების პირველი შემთხვევები ამ კვირაში შვედეთსა და პაკისტანში დაფიქსირდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ჯანმომ გაავრცელა განცხადება ახალი შტამის ევროპაში შემოტანის ალბათობის თაობაზე. ივლისის ბოლოს გამოქვეყნებულ ანგარიშში კი, დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპულმა ცენტრმა საერთო რისკის ალბათობა შეაფასა, როგორც „ძალიან დაბალი“. თუმცა, მის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ინფიცირების ალბათობა მაღალია იმ ევროპელებისთვის, რომლებიც ინფექციის გავრცელების რეგიონებში მოგზაურობენ და მჭიდრო კონტაქტი აქვთ ადგილობრივ მოსახლეობასთან: „ევროპაში არსებობს იმპორტის ან დადასტურებული შემთხვევების მქონე პაციენტებთან ახლო კონტაქტებით გამოწვეული მაღალი რისკი“.
ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, აფრიკაში "მაიმუნის ყვავილის" გავრცელების გამო საერთაშორისო დონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. აფრიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ ისინი შეშფოთებულები არიან დაავადების გავრცელების ტემპით. წლის დასაწყისიდან დღემდე კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მაიმუნის ყვავილის ახალი შტამის 17 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. დაიღუპა 517 ადამიანი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ "მაიმუნის ყვავილის" გავრცელების გამო გლობალური საგანგებო მდგომარეობა ბოლო ორ წელიწადში მეორედ გამოაცხადა.