2024 წლის აპრილში, გასული წლის აპრილთან შედარებით, პირდაპირი მომხმარებლების მიერ ელექტროენერგიის მოხმარება გაიზარდა.
სემეკის ელექტროენერგიის ბაზრის აპრილის თვის მიმოხილვიდან ირკვევა, რომ ერთ-ერთი მიზეზი მაინინგის მიმართულებით გაზრდილი მოხმარებაა.
„მოხმარების ზრდის ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორია პირდაპირი მომხმარებლების გარკვეული კატეგორიების (მაინინგი, ლითონის მადნების მოპოვება, ტრანსპორტი და დასაწყობება და სხვა) მოხმარების ზრდა, რამაც, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 4% შეადგინა“,- აღნიშნულია ანგარიშში.
დოკუმენტის მიხედვით, აპრილში მაინინგის მიმართულებით ელექტროენერგიის მოხმარება 19 მლნ კვტ. სთ. იყო, რაც 2-ჯერ მეტია მარტის მაჩვენებელზე, 2023 წლის აპრილის მოხმარებას კი თითქმის 5-ჯერ აჭარბებს და ბოლო ერთი წლის მაქსიმალური მაჩვენებელია.
მიმდინარე წლის აპრილში პირდაპირმა მომხმარებლებმა ჯამში 239 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია შეისყიდეს, აქედან 68% ელექტროენერგიის მწარმოებლებისგან, ხოლო 32% საბითუმო მიმწოდებლებისგან. შესყიდვის საშუალო შეწონილმა ფასმა დაახლოებით 9.4 თეთრი/კვტ.სთ. შეადგინა.