10 აგვისტოს, საქართველოში პანდემიის დაწყებიდან რეკორდული რაოდენობის 5,697 ახალი ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა. ასევე რეკორდულია გარდაცვლილთა რაოდენობაც, რადგან ბოლო 24 საათში ვირუსმა 54 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. დღეს გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს კითხეს, თუ ვის ეკისრება ქვეყანაში არსებულ ასეთ მაღალ სიკვდილიანობაზე პასუხისმგებლობა, რაზეც მინისტრმა ასეთი პასუხი გასცა:
"მე სულ მაინტერესებს ამ კითხვაზე თქვენ რა მოლოდინი გაქვთ, რომ პასუხი გაგცეთ? რას ნიშნავს პასუხისმგებლობას ვინ იღებს? ეს არის ჩვენი ყველას საერთო პასუხისმგებლობა და ამ პასუხისმგებლობას არავინ არ გაურბის, ყველანი ვმოქმედებთ ჩვენი კომპეტენციების ფარგლებში. სამინისტროს და NCDC-ის კომპეტენციაა, რომ გამოსცეს რეკომენდაციები და წესები სექტორისთვის და პროცესის მართვა ამ წესებიტ ხდება. ჩვენ ვხედავთ, რომ სასწრაფოს არცერთი ადამიანი არ დაუტოვებია ქუჩაში, ყველა გამოძახება არის პასუხგაცემული. თუმცა არის დაგვიანებები, რადგან მათი გამოძახებები 50%-ზე მეტად არის გაზრდილი. ბრიგადები მიდიან გამოძახებებზე, ამოწმებენ პაციენტების მდგომარეობას და აფასებენ თუ სად არის გადასაყვანი, სასტუმროში, საავადმყოფოში თუ ბინაზე უნდა დარჩნენ. ჩართულია შემდეგი რგოლი ოჯახის ექიმების სახით და 520-ზე მეტი ოჯახის ექიმი დღეისთვის მართავს ამ პროცესს.
საწოლფონდთან დაკავშირებით ჩვენ პირველი ტალღიდან მოყოლებული ვამბობთ, რომ ეს რესურსიც არის შეზღუდული. ჩვენ ვერ გავუკებთ მობილიზაციას საწოლების იმ რაოდენობას, რომელიც ფიზიკურად ან არ გვაქვს, ან რომელ საწოლებსაც ექიმები ვერ მოემსახურებიან. ჯანდაცვის სამინისტრო ვერ გააკეთებს იმ შეუძლებელს, რაც დღეს საქართველოში საწოლების რაოდენობით შეუძლებელია. გარდა ამისა, ვინაიდან ჩვენ ძალიან ხშირად გვესმის განცხადებები, რომ დროულად არ მოვემზადეთ, ან საკმარისი საწოლები არ მოვამზადეთ. გავაკეთეთ ანალიტიკა და შევადარეთ ჩვენთან მობილიზებული საწოლების რაოდენობა სხვა ქვეყნებში მობილიზებული საწოლების რაოდენობას. გამოიკვეთა, რომ 100,000 სულ მოსახლეზე ჩვენ გვაქვს მობილიზებული დაახლოებით 3-ჯერ მეტი საწოლი, ვიდრე ეს დასავლეთის ქვეყნებს აქვთ გაკეთებული. ამიტომ ვთვლი, რომ იმ შესაძლებლობების ფარგლებში, რაც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს და მის უწყებებს აქვთ, ჩვენ ვაკეთებთ მაქსიმუმს. თუმცა, ეს არ არის საკმარისი და ამიტომ ჩვენ არაერთხელ მივმართეთ მოსახლეობას და ვითხოვთ უკვე მათგან დახმარებას და მორჩილებას, რომ ეს ვირუსი გახდეს უფრო მართვადი და არ იყოს კოლაფსი,"- ამბობს მინისტრი.
ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დღეისთვის სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ 6,552 პაციენტი იმყოფება, ხოლო კოვიდ სასტუმროებში კი 2,652 ადამიანი მკურნალობს.




























