მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაისში ქვეყანაში სისხლისსამართლებრივი დევნა 2 631 ადამიანის მიმართ დაიწყო

დავები

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2026 წლის მაისში სისხლისსამართლებრივი დევნა სულ 2 631 პირის მიმართ დაიწყო.

დევნის დაწყების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ტრადიციულად თბილისშია - 953 პირი (36%).

საქსტატის თანახმად, საანგარიშო პერიოდში შემდეგი ტიპის დანაშაულები იყო ჩადენილი:

  • ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები: მაისში განსაკუთრებით მაღალი იყო ოჯახური ძალადობის შემთხვევები, ჯამში (სსკ-ის 126¹ მუხლი) 195 შემთხვევა და ფიზიკური ძალადობის (სსკ-ის 126-ე მუხლი) - 172 შემთხვევა.
  • დანაშაული ადამიანის უფლებების წინააღმდეგ: ამ კატეგორიაში მკვეთრად ჭარბობს მუქარა (სსკ-ის 151-ე მუხლი), რაზეც დევნა 244 პირის მიმართ დაიწყო.
  • დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ: ყველაზე მეტი შემთხვევა უკავშირდება ქურდობასა (სსკ-ის 177-ე მუხლი) და თაღლითობას.
  • მძიმე დანაშაულები სიცოცხლის წინააღმდეგ: მაისის თვეში მკვლელობის მცდელობისთვის დევნა დაიწყო 8 პირის მიმართ, განზრახ მკვლელობისთვის (სსკ-ის 108-ე მუხლი) - 5 პირის, ხოლო დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის - 3 პირის მიმართ.

საქსტატის ინფორმაციით, ქვეყნის 14 პენიტენციურ დაწესებულებაში საპატიმრო ადგილების ლიმიტი 12 332-ს შეადგენს.

სისტემაში მყოფ პირთა 23%-ს (2 825 პირი) ბრალდებულები (პირები, რომელთა მიმართაც ჯერ არ არის გამოტანილი საბოლოო განაჩენი) შეადგენენ, ხოლო 76.7%-ს (9 310 პირი) - მსჯავრდებულები.

ბრალდებულთა უდიდესი ნაწილი - 67.5% (1 908 პირი) თავმოყრილია გლდანის საპყრობილე, რაც მას ქვეყნის მთავარ საგამოძიებო იზოლატორად აქცევს. ქვეყნის 14 პენიტენციურ დაწესებულებაში საერთო საპატიმრო ადგილების ლიმიტი 12 332-ს შეადგენს.

რაც შეეხება უცხოელებს, საქართველოს საპატიმროებში მაისის თვის ბოლოს 71 სხვადასხვა ქვეყნის 1 801 მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი იმყოფებოდა, რაც საერთო კონტინგენტის მნიშვნელოვან წილს - 14.8%-ს შეადგენს. უცხოელ პატიმართა შორის რაოდენობრივად ლიდერობენ შემდეგი ქვეყნები:

  • თურქეთი — 525 პირი (29.15%)
  • რუსეთი — 215 პირი (11.94%)
  • უკრაინა — 190 პირი (10.55%)
  • აზერბაიჯანი — 184 პირი (10.22%)

მაისში პენიტენციური სისტემა სხვადასხვა საფუძვლით 661-მა პირმა დატოვა. გათავისუფლების ძირითადი მექანიზმებია:

  • სასჯელის კალენდარული ამოწურვა: 270 პირი (40.85%)
  • პირობით ვადამდე (უდო) გათავისუფლება: 90 პირი (13.62%)
  • პირობითი მსჯავრით გათავისუფლება: 44 პირი
  • სასჯელის შეცვლა უფრო მსუბუქით (შინაპატიმრობა/საზოგადოებრივი შრომა): 25 პირი
  • სხვა საფუძვლები (გირაო, საქმის შეწყვეტა, ექსტრადიცია): 227 პირი (34.3%)

საანგარიშო პერიოდში პატიმართა გარდაცვალების 2 შემთხვევა დაფიქსირდა. საქსტატის შეფასებით, სისტემის შიგნით და გარეთ სამედიცინო მიზნით გადაყვანის დინამიკა მაღალია - სულ დაფიქსირდა 1143 გადაადგილება, საიდანაც ნახევარზე მეტი 622 შემთხვევა, სამოქალაქო პროფილის კლინიკებში ჰოსპიტალიზაციაზე მოდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები