მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაისში საკრედიტო აქტივობა შენელდა, მიზეზი შესაძლოა, არასტაბილური გარემო იყოს - MBC

mbc

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ნაწილში აცხადებენ, რომ მაისში გასულ პერიოდთან შედარებით, საკრედიტო აქტივობა შენელებული იყო.

როგორც MBC-ის გენერალურმა დირექტორმა BMG-ის განუცხადა, ბოლო პერიოდში სესხებზე მოთხოვნის კლების ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა, ქვეყანაში შექმნილი არასტაბილური გარემო იყოს, რის გამოც კომპანიებმა საინვესტიციო გეგმები გადაავადეს.

რაც შეეხება სამომავლო პროგნოზებს, გია პეტრიაშვილის თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ მიმდინარე წელს ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნებია დაგეგმილი, კონკრეტული პროგნოზების გაკეთება რთულია. მისივე თქმით, როგორც წესი, საარჩევნო წლებში, საკრედიტო აქტივობა მაღალია არაა ხოლმე.

„მაისის თვემდე მიკროსაფინანსო სექტორში საკმაოდ მაღალი იყო საკრედიტო აქტივობა, მაისში მოთხოვნა და ზრდის ტემპი შენელდა. ერთი მხრივ, ეს ალბათ განპირობებულია იმით, რომ გასულ თვეს ბევრი დასვენების დღე იყო, მეორე მხრივ, იმ არასტაბილური პოლიტიკური სიტუაციით, რაც საქართველოში შეიქმნა. კრედიტების აღება დაკავშირებულია გარკვეულ ინვესტიციებთან, მეწარმეები სესხებს იმისთვის იღებენ, რომ განავითარონ საკუთარი ბიზნესი, გააკეთონ ინვესტიციები და როგორც კი გარემო არასტაბილური ხდება ან პროგნოზირების გაკეთება რთულდება, ბუნებრივია, რომ ინვესტიციების დროში გადავადება ხდება ხოლმე და კრედიტების აღების ტემპიც იკლებს.

ზოგადად, საარჩევნო წელს რაიმე პროგნოზების გაკეთება რთულია. ეს მოვლენა როგორც წესი, საკრედიტო აქტივობაზე ახდენს ხოლმე გავლენას, წინა პერიოდებს თუ გავიხსენებთ, საარჩევნო წელი მაღალი საკრედიტო აქტივობით არ ხასიათდება“, - განაცხადა გია პეტრიაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები