საქართველოს ბიზნესომბუდსმენის ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, ჰიდროელექტროსადგურების აშენების წინააღმდეგ გახშირებული საპროტესტო აქციები ქვეყნის საინვესტიციო კლიმატზე ნეგატიურად აისახება.
როგორც ლექვინაძემ BM.ge-ის განუცხადა, სხვადასხვა რეგიონში ჰესების წინააღმდეგ არსებულ ნეგატიურ განწყობებში დიდია პოლიტიკური მდგენელი.
"სამწუხაროდ, გახშირდა შემთხვევები, როცა კანონიერად მოქმედი საინვესტიციო პროექტების განხორციელებას ეშლება ხელი და ინვესტორები გარკვეულ წინააღმდეგობებს აწყდებიან. ამ პროცესში ძალიან დიდია პოლიტიკური მდგენელი და ასევე გარკვეული ჯგუფები სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების სახით, ცდილობენ ინვესტორების საქმიანობას ხელი შეუშალონ. ეს პრობლემა დგას რამდენიმე რეგიონში - ესაა სვანეთი, აჭარა, ქვემო ქართლი, კახეთი და როცა ასეთი ტიპის მოქმედებებს აქვს ადგილი, ბუნებრივია, ეს არაა კარგი", - განაცხადა ლექვინაძემ და ადგილობრივ ხელისუფლებას და მაჟორიტარ დეპუტატებს მოსახლეობასთან კომუნიკაციის გააქტიურებისკენ მოუწოდა.
"ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად, ადგილობრივი ხელისუფლების როლი და ასევე იმ მაჟორიტარების როლი, რომლებიც ამა თუ იმ რეგიონს წარმოადგენენ. ვფიქრობ, რომ ისინი ხშირ შემთხვევაში არიან ნეიტრალურები ასეთი ტიპის მოქმედებების დროს და სწორედ მათი ნეიტრალური დამოკიდებულება ხელს უწყობს მსგავსი ტიპის ჯგუფების კიდევ უფრო გაძლიერებას. სწორედ ამიტომ უნდა დაევალოს მაჟორიტარებს და ადგილობრივ მთავრობებს, რომ კეთილი ინებონ და მეტი ესაუბრონ ადგილობრივ მოსახლეობას, თუ რატომ უნდა აშენდეს ახალი ჰესები საქართველოში", - განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა.

























