ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საკმაოდ დიდი რაოდენობით საარჩევნო ოლქებში შესაძლოა მეორე ტური დაინიშნოს. ამ დროისთვის ცესკოს სულ 3700 უბნიდან, 2400-მდე უბნის შედეგი აქვს დათვლილი.
საარჩევნო კანონმდებლობით, პროპორციული სიის მიხედვით პარლამენტში შევა ყველა პარტია, რომელიც 5%-იან ბარიერს გადალახავს. რაც შეეხება მაჟორიტარებს, ამ შემთხვევაში კანდიდატმა 50%-იანი ბარიერი უნდა გადალახოს.
თუ ქვეყნის მასშტაბით მინიმუმ 23-მა მაჟორიტარმა 50%-იანი ბარიერი ვერ გადალახა მეორე ტური დაინიშნება და ახალი პარლამენტის შეკრება გადაიწევს. მეორე ტურის დასანიშნად ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 25 დღიანი ვადა აქვს.
ამ შემთხვევაში პარლამენტი მეორე ტურის კენჭისყრის დღიდან 20 დღის განმავლობაში შეიკრიბება.
მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში ორი კანდიდატი მონაწილეობს, რომლებმაც პირველ ტურში სხვებზე მეტი ხმა მიიღეს. იმ შემთხვევაში, თუ 2-ზე მეტ კანდიდატს ერთნაირი საუკეთესო შედეგი აღმოაჩნდა ან ერთი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატის მომდევნო რამდენიმე კანდიდატმა ერთნაირი რაოდენობის ხმები მიიღო, მეორე ტურში ყველა ზემოაღნიშნული კანდიდატი იღებს მონაწილეობას.

























