მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაკა ბოჭორიშვილი დუბროვნიკის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას - კიდევ ვინ ესწრება ღონისძიებას?

დუბროვნიკის ფორუმი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 26-27 ივნისს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ხორვატიის რესპუბლიკას ეწვევა და დუბროვნიკის ფორუმზე სიტყვით გამოვა.

უწყების ინფორმაციით, ფორუმის ფარგლებში მინისტრის ორმხრივი შეხვედრებია დაგეგმილი.

ხორვატიაში დუბროვნიკის მე-19 საერთაშორისო ფორუმი, სახელწოდებით - "მულტიპოლარობის ეპოქა: ბევრი მიმართულება, ერთი მომავალი" ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიება, რომელიც წელს თავისი დაარსებიდან მე-20 საიუბილეო თარიღს აღნიშნავს, საერთაშორისო პოლიტიკის განმსაზღვრელებს, დიპლომატებსა და ეკონომიკის სფეროს ექსპერტებს აერთიანებს.

ოფიციალური პროგრამის თანახმად, ვინაიდან ხორვატია ევროკავშირის MED9 (ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების ალიანსი) ჯგუფისა და "სამი ზღვის ინიციატივის" (3SI) თავმჯდომარე ქვეყანაა, დისკუსიების მნიშვნელოვანი ნაწილი ხმელთაშუა ზღვის რეგიონის პერსპექტივებსა და სტრატეგიულ პრიორიტეტებს ეთმობა.

ორუმის მიზანია ხელი შეუწყოს დიალოგს დასავლეთის ქვეყნებსა და გლობალურ სამხრეთს შორის, რათა ერთობლივად მოიძებნოს გზები გეოპოლიტიკური ფრაგმენტაციის, ეკონომიკური მდგრადობისა და მიწოდების ჯაჭვების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

ორდღიანი სამუშაო დღის წესრიგი ძირითადად ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ უსაფრთხოებაზეა ორიენტირებული. სესიებზე ხელოვნური ინტელექტის გეოპოლიტიკას, გლობალურ ენერგეტიკულ კონკურენციას, თანამედროვე ომის წარმოების თავისებურებებსა და მიწოდების ჯაჭვებზე არსებულ გავლენებს განიხილავენ.

ვინ ესწრება დუბროვნიკის ფორუმს?

მიუხედავად იმისა, რომ დამსწრე საზოგადოების ოფიციალური სია ხელმისაწვდომი არაა, დღის წესრიგით გამომსვლელთა და პანელურ დისკუსიებში მონაწილეთა ვინაობა უკვე საჯაროა.

პროგრამის თანახმად, მაკა ბოჭორიშვილი სიტყვით 27 ივნისს, ადგილობრივი დროით 16:15 საათზე გამოვა.

მასპინძელი ქვეყნის, ხორვატიის მხრიდან ფორუმს უძღვებიან პრემიერ-მინისტრი ანდრეი პლენკოვიჩი, საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი გორდან გრლიჩ-რადმანი, ვიცე-პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი დავორ ბოჟინოვიჩი და ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი ვედრან შპეჰარი.

ევროპული სტრუქტურებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან ღონისძიებაში მონაწილეობენ ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე, ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი ნიკოლაე შტეფანუცა, გაეროს ჟენევის ოფისის გენერალური დირექტორი ტატიანა ვალოვაია, OECD-ის გენერალური მდივნის მოადგილე ფრანტიშეკ რუჟიჩკა და ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტი მარკო პრიმორაცი.

ფორუმის დღის წესრიგში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების საგარეო უწყებების ხელმძღვანელთა შეხვედრები. დუბროვნიკში იმყოფებიან პორტუგალიის სახელმწიფო და საგარეო საქმეთა მინისტრი პაულო რანჟელი, სლოვენიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი ტონე კაიზერი, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი კესტუტის ბუდრისი, ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ივანკა ტაშევა და უნგრეთის საგარეო უწყების ელჩი გერგო კოჩიში.

დასავლეთ ბალკანეთისა და რეგიონული უსაფრთხოების მიმართულებით დისკუსიებში მონაწილეობენ ალბანეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრი ფერიტ ხოჯა, ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა და საგარეო ვაჭრობის მინისტრი ტიმჩო მუცუნსკი, ბოსნია და ჰერცეგოვინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსიპ ბრკიჩი და სერბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი ნევენა იოვანოვიჩი. ფორუმის მუშაობაში ასევე ჩართულია სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილე მნაცაკან საფარიანი.

პანელზე გამომსვლელებს შორის არიან უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბახტიორ საიდოვი, კატარის სახელმწიფო მინისტრი მუჰამედ ბინ აბდულაზიზ ალ-ხულაიფი, იაპონიის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრი აიანო კუნიმიცუ და მონღოლეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი მუნხტუშიგ ლხანააჟავი. აფრიკის კონტინენტიდან კი ფორუმს განის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ჯეიმს ჯაკი კუეისონი ესწრება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები