მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაკა ფარცვანია: ენერგეტიკის სამინისტროს გაუქმებით პრობლემა უფრო მეტია, ვიდრე - სარგებელი

61a0e06b46e86
ვიქტორია მღებრიშვილი
26.11.21 18:06
1374
ენერგეტიკის სამართლის ცენტრის დირექტორის მაკა ფარცვანიას განცხადებით, ენერგეტიკის სამინისტროს გაუქმებით უფრო მეტი პრობლემა გაჩნდა, ვიდრე სარგებელია. ამის შესახებ მან პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თემატური მოკვლევის - „განახლებადი ენერგიის განვითარების პრობლემებთან დაკავშირებით“ მოსმენაზე გამოსვლისას განაცხადა.

მან განმარტა, რომ ინსტიტუციური ხარვეზები „ნამახვანჰესის“ პროექტმაც კარგად გამოავლინა.

„ინსტიტუციური ნაკლი ახალი ჰიდროელექტროსადგურის აშენების საკითხმა ძალიან კარგად გვაჩვენა და ეს ძალიან სამწუხარო იყო. სახელმწიფოს მხრიდან ძალიან კარგი და ქმედითი ნაბიჯები იყო გადადგმული, თუმცა იმდენად დაგვიანებული, რომ ის დროში დაიკარგა და, ფაქტობრივად, პროექტი მივიდა იმ დონემდე, რა დონეზეც დღეს გვაქვს და ეს ძალიან ცუდია.

ვფიქრობ, ენერგეტიკის სამინისტროს გაუქმებამ ძალიან ბევრი პრობლემა წარმოშვა და ბევრად მეტია დღეს პრობლემა, ვიდრე ის სარგებელი, რაც ამ სამინისტროს გაუქმებამ მოიტანა“, - განაცხადა მაკა ფარცვანიამ.

მის აზრს დაეთანხმა საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე, რომელმაც განაცხადა, რომ ამ საკითხზე ის ენერგეტიკის სამინისტროს გაუქმების დროსაც საუბრობდა.

„ენერგეტიკის სამინისტროს გაუქმება შეცდომაა. არც პოლიტიკის დამგეგმავი გვყავს ამ მიმართულებით და არც განმახორციელებელი, რადგან ახლა სამინისტროში 5 კაცია, რომელთაც მიმდინარე საკითხების გარდა სხვა დრო ფიზიკურად არ რჩებათ“, - აღნიშნა ვეფხვაძემ.

მაკა ფარცვანიამ ენერგეტიკის დარგში არსებულ სხვა გამოწვევებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჰიდროენერგეტიკულ ქვეყანაში უნდა არსებობდეს ისეთი პლატფორმა, სადაც დარგის შესახებ არსებული უახლესი კვლევები განთავსდება და ყველა დაინტერესებულ პირს მათი გაცნობის შესაძლებლობა ექნებათ, რადგან კვლევების ხელმისაწვდომობა და ახალი კვლევების არ არსებობა ძალიან დიდ გამოწვევას წარმოადგენს.

„როგორც გრძელ ასევე მოკლევადიანი სტრატეგიები უნდა გვქონდეს. გრძელვადიანი სტრატეგიების განხილვისას სახელმწიფო უწყებების აქტიური ჩართულობა მნიშვნელოვანია, მათ შორის ფინანსთა, გარემოს დაცვის, ინფრასტრუქტურის სამინისტროები და კიდევ ერთხელ დავარწმუნოთ, რამდენად მნიშვნელოვანია კოორდინირებული მუშაობა ენერგეტიკულ თემებთან დაკავშირებით.

ხშირად კვლევების მოძიებისთვის პირად სანაცნობო წრეებს ვიყენებთ, ამიტომ კარგი იქნება შეიქმნას პლატფორმა, თუნდაც ელექტრონული, სადაც ჩვენ მიერ მომზადებულ სტატიებს განვათავსებთ და ეს ხელმისაწვდომი და საჯარო იქნება და ძალიან მარტივად მივუთითებთ ჩვენს ოპონენტებს, რომ ეს ინფორმაცია შეუძლიათ ამ პლატფორმაზე მოიძიონ და ის მითები, რომლებიც ჩვენს რეალობაშია, გაქარწყლდება.

ხშირად ვამბობთ, რომ ჰიდროენერგეტიკული ქვეყანა ვართ, მაგრამ უახლესი კვლევები სამწუხაროდ, არ გვაქვს. კარგი იქნება თუ ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება, რადგან ოპონენტები ხშირად ამბობენ, რომ კვლევები ძველია, სანდო არაა და დღევანდელ რეალობას არ შეესაბამება“, - აღნიშნა ენერგეტიკის სამართლის ცენტრის დირექტორმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები