თბილისის მუნიციპალური ინსპექცია მახათას მთის მიმდებარედ, რეკრეაციულ ზონაში, უკანონო მშენებლობების დემონტაჟი განახორციელა.
მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, დედაქალაქში გააქტიურდნენ ორგანიზებული ჯგუფები, რომლებიც სახელმწიფო ტერიტორიების მიტაცებისა და უკანონო განაშენიანების მიზნით ახორციელებენ მშენებლობებს. ხშირად მსგავსი დარღვევები სარეკრეაციო და სატყეო ზონებში ხდება, რაც უნიკალური მწვანე ნარგავების დაზიანებასა და გაჩეხას იწვევს.
„დედაქალაქში იდენტიფიცირებული გვაქვს პრობლემური ტერიტორიები, სადაც ვგეგმავთ და ვახორციელებთ შესაბამის ღონისძიებებს უკანონო მშენებლობების აღკვეთისა და სარეკრეაციო თუ სატყეო ზონების დასაცავად. უკანონო მშენებლობა არ ნიშნავს მხოლოდ სახელმწიფო ტერიტორიის მიტაცებას — ამ პროცესში ზიანდება უნიკალური ნარგავები და ნადგურდება სარეკრეაციო სივრცეები. მოვუწოდებთ მოქალაქეებს, ნუ მიიღებენ მონაწილეობას უკანონო საქმიანობაში. მუნიციპალური ინსპექცია და შესაბამისი სახელმწიფო უწყებები ყველა შემთხვევაში კანონის მიხედვით იმოქმედებენ და უზრუნველყობენ სამართალდარღვევის ეფექტიან აღკვეთას“, - განაცხადა თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა გოგი ჩიქოვანმა.
მუნიციპალური ინსპექცია აღნიშნავს, რომ მონიტორინგის სისტემატური გაძლიერება საშუალებას იძლევა დროულად გამოავლინოს პრობლემური ლოკაციები და განხორციელდეს ქმედითი ღონისძიებები ქალაქის მწვანე საფარისა და საჯარო სივრცეების დასაცავად.



























