საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველ დირექტორის კრისტინ ლაგარდის განცხადებით, მამუკა ბახტაძესთან მუშაობა დიდი სიამოვნებაა.
ამის შესახებ საქართველოში საქმიანი ვიზიტით მყოფმა ლაგარდმა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთად მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
Bm.ge ლაგარდის გამოსვლის სრულ ტექსტს გთავაზობთ:
„მინდა აღვნიშნო, რომ როგორც თქვენი ფინანსთა მინისტრის პოსტზე ყოფნის დროს, ისე პრემიერ მინისტრობის პერიოდშიც ძალიან დიდი სიამოვნებაა თქვენთან მუშაობა. თქვენ წარმოადგენთ ამ არაჩვეულებრივი ქვეყნის ინტერესებს, ისევე როგორც ხალხის, როგორც - ქალების, ისე - მამაკაცების ინტერესებს მთელი ქვეყნის სახელით. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.
ჩემი გუნდის სახელით, რომელიც აქ არის შეკრებილი, გვაქვს იმის საშუალება, რომ როგორც - თქვენ, ისე მინისტრებსა და ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს შევხვდეთ.
ჩემთვის ეს ვიზიტი არის მრავლისმთქმელი; ძალიან მახარებს საქართველოში პირველად ვიზიტი, აქაური სილამაზე და ხალხი, ისევე როგორც მისი ბუნებრივი რესურსები; ჩამოსვლისთანავე მე დავეწაფე ქართულ ღვინოს, მე დავინახე თუ რამხელა ხარისხი და კრეატივია ჩაქსოვილი შენობებში, არქიტექტურაში. ეს ყველაფერი ძალიან დახვეწილია.
ჩემი მესამე მიზანი ამ ვიზიტის ფარგლებში, არის ის პროგრამა, რომელიც შემუშავდა საქართველოს მთავრობის მიერ ქართველებისთვის და საქართველოს ეკონომიკისთვის. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ამ პროგრამის ფარგლებში ვართ საქართველოს მთავრობის პარტნიორები და ვეხმარებით ქვეყანას ძალიან მნიშვნელოვანი მიზნების განხორციელებაში, რომელიც უკეთეს მასშტაბებზე გაიყვანს ქვეყანას. ის სამუშაოები, რაც საქართველოში ტარდება, სხვებისთვის შესაშურია.
ჩვენ ერთად შევეცდებით დეფიციტის შემცირებას და თქვენს გუნდთან ერთად გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას. ბევრი რეფორმა განხორცილედა და ბევრი რამ გაუმჯობესდა საქართველოში; ბევრი მაჩვენებელი არის გაზრდილი და ბევრი რამ არის აღიარებული. ჩვენი პარტნირობა და ყოველდღიური ურთიერთობა სტრუქტურული რეფორმის ფარგლებში, წარმატებასა და მაკროეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზეა გათვლილი. შეიძლება ეს ტერმინები ვიღაცებისთვის დამაბნეველი იყოს, მაგრამ მაკროეკონომიკური სტაბილურობა არის ის სტიმული, რაც საქართველოში ინვესტორებს ჩამოიყვანს. ის არის სტაბილურობის გარანტი და ზრდის განმაპირობებელი“, - განაცხადა ლაგარდმა.
მისივე შეფასებით, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით ძალიან დიდი საქმე გაკეთდა.
„სტაბილურობა, კორუფციასთან ბრძოლა, განათლების კონტექსტში მუშაობა ინკლუზიური ზრდის მიმართულებით - ასე უსასრულოდ შემიძლია გაგრძელება. ის ამოცანები, რომლებიც თქვენს პროგრამაში შედის და თქვენ გაქვთ დასახული იმისთვის, რომ სტაბილურობა იქნას მიღწეული თქვენ საზოგადოებაში, ამიტომ ჩვენ ვკისრულობთ გააზრებულ ვალდებულებას; მეოთხე მიმოხილვა დასრულდება მალე, მესამე გასული წლის დეკემბერში დასრულდა. თქვენ კიდევ ბევრი გაქვთ გასაკეთებელი იმისთვის, რომ „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ ფარგლებში პროგრამა დაასრულოს ქვეყანამ; მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ მხრივ, ძალიან დიდი წარმატება გექნებათ, მე კი, თქვენ დაგეხმარებით, ისევე როგორც საქართველოს ხელისუფლებას, რომ რეფორმები იმის მიხედვით განხორციელდეს, როგორც შეთანხმებულია ჩვენთან“, - განაცხადა ლაგარდმა.
IMF-ის მმართველმა დირექტორმა ისაუბრა განათლების რეფორმის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ „ხარისხი არის გადამწყვეტი“.

























