„კერძო სექტორისთვის და ეკონომიკის ზრდისთვის მოგების გადასახადი ძალიან კარგი რეფორმაა“, - განაცხადა ბიზნესკონტრაქტის ეთერში არჩილ გაჩეჩილაძემ. მისი თქმით, მაკროეკონომიკური სტაბილურობა მნიშვნელოვანია და ამ სტაბილურობის დაცვა მიმდინარე ხარჯების შემცირების კუთხით უნდა მოხდეს, არა მარტო ბიუროკრატიული, არამედ სხვა ხარჯების შემცირებითაც.
„3%-იანი დეფიციტი ძალიან დიდი ხნის მანძილზე შესაძლოა საქართველოსთვის საკმაოდ დამაზიანებელი იყოს, მაგრამ კონკრეტულად საქართველოს შემთხვევაში და მთლიანად ეკონომიკის თეორიაში არსებობს ინვესტიციები და ინვესტიციებიდან გამოწვეული ზრდის ურთიერთდამოკიდებულება. საქართველოს შემთხვევაში ისეთი ტიპის ინვესტიციები არის, რომელიც ძირითადი ინფრასტრუქტურაა, ქვეყნის ხერხემალია. მაგალითად, აღმოსავლეთ-დასავლეთის ძირითადი ტრასა, რომელიც დასრულებული არ არის და საუბარია იმაზე, რომ საქართველოს როლი მთელ რეგიონში ტრანზიტული უნდა იყოს და ფაქტიურად გვაქვს რაღაც ნაწილები ამ ტრანზიტული ხერხემლის, რომელიც განვითარებადი თუ განუვითარებადი ქვეყნის ნაწილს გავს. შესაბამისად მაშინ, როდესაც 2 უკვე მილიარდია აქ დახარჯული და კიდევ 2 მილიარდი უნდა დაიხარჯოს, ეს 2 მილიარდი ორჯერ უფრო ეფექტური გახდება, როგორც კი გაიხსნება ეს კორიდორი.
იმედია, რომ მთავრობა მოახერხებს ისეთი ტიპის ინფრასტრუქტურული პრიორიტეტები შემოიტანოს, რომელიც ზრდის გამომწვევი და ხელისშემწყობი იქნება. ეს რომც გააკეთოს პირველი 2 წელი ალბათ 3%-ზე მეტი გვექნება დეფიციტი. ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება რამდენად ეფექტური იქნება მთავრობა ამ კუთხით, მან ისეთი ტიპის პროექტები უნდა აარჩიოს, რომ 2-3 წლის შემდეგ მოახერხოს, რომ 3%-ის ქვემოთ ჩამოცდეს ისე, რომ ამავდროულად ინფრასტრუქტურული ხარჯვა გააძლიეროს“, - განაცხადა გაჩეჩილაძემ.

























