მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მალე საქართველოს ბაზარზე „რე-ფრეშის“ ლიმონათი, კომბუჩა და ლუდი გამოჩნდება

5ed67bfc6ace3
ნუცა ბაზლიძე
02.06.20 21:40
3399
კომპანია „რე-ფრეშ“-ი, რომელიც მომხმარებლებს ძირითადად ცირტუსებისა და ბროწეულის ფრეშებს სთავაზობს, დაახლოებით 1 თვეში, ფრეშების ბაზაზე დამზადებული ლიმონათის, კომბუჩასა და კრაფტ ლუდის წარმოდგენას გეგმავს. ამის შესახებ BM.GE-ს „რე-ფრეშის“ თანადამფუძნებელმა სალომე ინაძემ განუმარტა.

როგორც ის აღნიშნავს, ამ იდეის განხორციელება პანდემიის ფონზე შექმნილმა განსხვავებულმა რეალობამ დააჩქარა. ამასთან, გათვალისწინებულია საცდელი პარტიის დამზადება და პრეზენტაცია, რის შემდეგაც, დაიწყება პროდუქციის რეალიზება. მისივე განმარტებით, ამ პერიოდში „რე-ფრეშ“-ი ონლაინ რეალიზებაზე გადაერთო. ჩვეულ დროს კი პროდუქციაზე მეტი მოთხოვნა, როგორც წესი, ტურისტულად აქტიურ სივრცეებში ფიქსირდებოდა.

გარდა ამისა, როგორც სალომე ინაძე განმარტავს, „რე-ფრეშ“-ი წარმოდგენილია „ნიკორას“ ქსელში სპეციალური კუთხით, სადაც პროდუქცია, შეკვეთის მიხედვით, ადგილზე მზადდება. მისივე განმარტებით, ზოგადად, „რე-ფრეშის“ პროდუქცია მათ შორის, დამზადებული სახით ხვდება აზიური სწრაფი კვების ობიექტ „უკვეში“; ისინი ასევე თანამშრომლობენ „დეგუსტოსთან“.

როგორც სალომე ინაძე აღნიშნავს, პროდუქცია კომპანია Zummo-ს აპარატების გამოყენებით მზადდება. ასევე, მისივე განმარტებით, ისინი ამიერკავკასიაში Zummo-ს წარმომადგენლები არიან და აქედან გამომდინარე, გათვალისწინებულია დანადგარებით უზრუნველყოფის სერვისიც, რეალიზება, გაქირავება, ნედლეულის მიმართულება, რაც ძირითადად სასტუმროებზე, სუპერმარკეტებსა და კვების ობიექტებზეა გათვლილი.

გამოწვევებზე საუბრისას, სალომე ინაძემ ნედლეულის შერჩევის თვალსაზრისით წარმოდგენილი დაბრკოლებები გამოყო.

„თავიდანვე გვინდოდა ქართული ხილის გამოყენება, რაც საწყის ეტაპზე, ვერ მოხერხდა. თუმცა, დღეს უკვე მივაღწიეთ იმას, რომ რამდენიმე ადგილობრივ ფერმერთან ვთანამშრომლობთ“, - აღნიშნავს სალომე ინაძე.

ცნობისთვის: „რე-ფრეშ“ დაახლოებით 2 წელია, რაც ოპერირებს და ამ ეტაპზე, დაახლოებით 10 ადამიანს ასაქმებს. სალომე ინაძის განმარტებით, საწყისი ინვესტიცია პირადი სახსრებით განხორციელდა, შემდეგ კი „თიბისი ბანკის“ სტარტაპებისთვის გათვალისწინებული სესხი მიიღეს. სამომავლოდ, განვითარებისთვის, კომპანიაში სახელმწიფო პროექტებით თანადაფინანსების მიღების მცდელობა განიხილება.

როგორც სალომე ინაძე განმარტავს, პროდუქციის საცალო ზომა 200მლ - 1 ლიტრის ინტერვალში მერყეობს; ფასი კი 5-25 ლარის შუალედშია წარმოდგენილი, რაც პროდუქციის ზომასა და ხილის სახეობაზეა დამოკიდებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები