საერთაშორისო აუდიტორული კომპანია Nexia-ს საქართველოს ოფისი, ქვეყნის მასშტაბით, TOP 5 ყველაზე რეიტინგულ აუდიტორულ კომპანიებს შორის მოხვდა - ამის შესახებ BMGTV-ის ეთერში კომპანიის მმართველი პარტნიორები, გელა მღებრიშვილი და დავით ლომიძე საუბრობენ და განმარტავენ, რომ აღნიშნული მონაცემები წინასწარია და რეიტინგი საჯარო წყაროებზე დაყრდნობითაა შემუშავებული.
“ნექსია საქართველომ" 10 წლის იუბილე აღნიშნა და დაგვემთხვა, რომ უკვე ოფიციალურად, საქართველოში, საერთაშორისო აუდიტორიულ კომპანიებს შორის რეიტინგით მეხუთე ადგილზე ვართ, რაც ძალიან გვახარებს. ყველაზე მეტად კი ის გვიხარია, რომ ჩვენი პარტნიორების აზრით, წინ ჯერ კიდევ ბევრი წარმატება გველოდება და იმედი გვაქვს, რომ სწორი მენეჯმენტითა და წინ გადადგმული ნაბიჯებით, ამ წარმატებას ნამდვილად მივაღწევთ, არ გავჩერდებით”, - ამბობს გელა მღებრიშვილი.
როგორც დავით ლომიძე განმარტავს, აღნიშნული რეიტინგი კომპანიათა ოფიციალური შემოსავლების მიხედვით დგინდება, საჯარო პლატფორმებზე გამოქვეყნებული ანგარიშგებები კი აჩვენებს, რომ “ნექსია საქართველო” წელს ხუთეულში მოხვდა.
“რეიტინგისთვის მთავარი კრიტერიუმი ჯამური შემოსავლებია. ჩვენმა კონკურენტებმა კი, ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით, უკვე გაასაჯაროვეს თავიანთი ინფორმაცია და ჩვენც გავიგეთ, რომ წელს მინიმუმ ერთი პოზიციით დავწინაურდით და უკვე ხუთეულში ვართ, რაც 10 წლის იუბილეზე ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა.
სხვათა შორის, 2018 წელს, როცა ათეულში ვიყავით, ჩვენ გვქონდა პროგნოზი, რომ მომდევნო 5 წლის განმავლობაში ხუთეულშიც მოვხვდებოდით და ასეც მოხდა. რა თქმა უნდა, ოფიციალური რეიტინგი ოქტომბერში გამოქვეყნდება, თუმცა ჩვენ ეს ინფორმაცია, საჯარო წყაროდან, უკვე გვაქვს”, - განმარტავს დავით ლომიძე.
“ნექსია საქართველოს” მმართველმა პარტნიორებმა ქართული ოფისის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ Nexia-ს საერთაშორისო ქსელში საქართველო უკვე ასრულებს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ხიდის როლს. გელა მღებრიშვილი BMG-ის ეთერში აანონსებს, რომ ქართული მხარის ჩართულობით, უზბეკეთში რეგისტრირებული ბიზნესები სულ მალე Nexia-ს სერვისებით სარგებლობას შეძლებენ.
“ძალიან სერიოზული გეგმები გვაქვს უზბეკეთთან დაკავშირებით და სხვათა შორის, ამ ბაზარზე უკვე ძალიან ბევრი ქართული კომპანია შედის. Nexia უზბეკეთის ბაზარზე წარმოდგენილი არ არის, სწორედ ამიტომ, ჩვენმა ოფისმა გვთხოვა, რომ ჩვენი ჩართულობით, როგორც წარმატებული გამოცდილების მქონე ჯგუფი, ჩავერთოთ ამ ბაზარზე Nexia-ს საქმიანობაში. შესაბამისად, უკვე ძალიან მალე შევძლებთ, რომ უზბეკეთში კომპანიებს მაღალი ხარისხის აუდიტორული სერვისები შევთავაზოთ”, - განმარტავს გელა მღებრიშვილი.
დავით ლომიძე ასევე აღნიშნავს, რომ Nexia-ს ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის საბჭოში “ნექსია საქართველოს” თავისი წარმომადგენელი ჰყავს: “ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ევროპასა და აზიას შორის გარკვეული ხიდის როლს ვასრულებთ”.
ცნობისთვის, Nexia International მსოფლიოს მასშტაბით 123 ქვეყანაში 624 ოფისითაა წარმოდგენილი. საერთაშორისო კომპანია 2 317 პარტნიორსა და 26 149 თანამშრომელს ითვლის. რაც შეეხება Nexia-ს ქართულ ოფისს, ის ქართულ ბაზარზე 2014 წლიდან გამოჩნდა და დღესდღეობით 700-მდე კლიენტსა და პარტნიორს აერთიანებს.