მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მამაკაცის თავის მოვლის საშუალებების ქართული ბრენდი „ლამონდი“ წელს ასორტიმენტის გაზრდას გეგმავს

ლამონდი

მამაკაცის თავის მოვლის საშუალებების მწარმოებელი ბრენდი „ლამონდი“ წელს ასორტიმენტის გამრავალფეროვნებას გეგმავს. ამის შესახებ BM.GE-სთან ბრენდის დამფუძნებელმა, გიორგი ბიწაძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ბაზარზე დაახლოებით 3 წელია ოპერირებენ და რეალიზაციას ონლაინ ახდენენ. კომპანიის მთავარი აქცენტი, მამაკაცის ხაზია, რომელიც მომხმარებელს მყარ სუნამოს, წვერის მოვლის საშუალებებს, დამატენიანებელს, ლოსიონსა და ჰიგიენურ საშუალებებს სთავაზობს.

„წელს კონკრეტულად დეზოდორანტი, წვერის საპარსი კრემი, დამატენიანებელი პარსვის შემდგომი საშუალებები და ა.შ. დაემატება. პროდუქცია უკვე მზად მაქვს, ბრენდირებაა დარჩენილი. საწარმო თბილისში მდებარეობს და პერიოდულად 2-3 ადამიანს ვასაქმებ, თუმცა პროდუქციას ძირითადად ყველაფერს მარტო ვაკეთებ. პროდუქციის წარმოებისთვის, დაახლოებით 10 000 ლარის ინვესტიცია ჩავდე, რომელიც ინგრედიენტების შეძენისთვის და შეფუთვისთვის უზრუნველსაყოფად გამოვიყენე.

გარდა ამ მიმართულებისა, მაქვს სურნელოვანი ხაზიც, რომელიც ოთახის არომატიზატორებს და მანქანის სურნელოვან სითხეებს მოიცავს. მინდა, რომ ეს მიმართულებაც გავააქტიურო. საბოლოო ჯამში, რომელიმე საცალო გაყიდვების ქსელურ მაღაზიებში ვფიქრობ შევიდე, თუმცა ამ ეტაპზე მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებ.

ვცდილობ, რომ ფასი მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს, შესაბამისად, პროდუქციის ღირებულება საბაზარო ფასებზეა მორგებული“, - აცხადებს ბიწაძე.

მისივე ცნობით, მოთხოვნა ადგილობრივი ბაზრის მხრიდან წლიდან წლამდე სტაბილურად მზარდია. წარმოებაში გამოყენებული ნედლეულის ძირითადი ნაწილი იმპორტირებულია ამერიკიდან, დიდი ბრიტანეთიდან და თურქეთიდან, თუმცა ბრენდი საწარმოო მასალას ადგილობრივი ბაზრიდანაც ყიდულობს.

სამომავლო პერსპექტივაში, ბრენდი საწარმოს გაფართოებასა და კადრების დამატებას გეგმავს. ამასთან ბიწაძე ამბობს, რომ მსგავსი ტიპის მიმართულება, გლობალური ბაზრისთვისაც საინტერესო და პერსპექტიული იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები