ანაკლიის პორტი გახლავთ ჩემი ხედვის და ჩემი სტრატეგიის ნაწილი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ცოტაა ქვეყანაში ისეთი ადამიანი, ვისაც ამ პროექტზე იმდენი დრო და ენერგია აქვს დახარჯული, რამდენიც პირადად მას.
“მინდა გულწრფელად გითხრათ და გრაკვეული ემოციებით, რომ ისეთი ხალხი აკეთებს განცხადებას, რომ რთულია ემოციების გარეშე შევაფასო ეს ყველაფერი. არ მგონია ბევრი ადამიანი არსებობდეს ისეთი, რომელსაც იმდენი დრო და ენერგია აქვს ამ პროექტში ინვესტირებული, როგორიც მაქვს მე - გინდა პრემიერმინისტრის პოსტზე, გინდა ფინანსთა მინისტრის პოსტზე და გინდა საქართველოს რკინიგზაში. ანაკლიის ღრმაწლოვანი პროექტი არის სტრატეგიული მნიშვნელობის ჩვენი ქვეყნისთვის, ის გახლავთ ჩემი ხედვის და ჩემი სტრატეგიის ნაწილი, რომ საქართველო გავხადოთ რეგიონალური ჰაბი, მათ შორის ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის მიმართულებით. ჩვენ ყველა დონეზე შევეცადეთ და მივიღეთ ძალიან ძლიერი შედეგი, რომ ყველა წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი მას იხილავს პრიორიტეტულ პროექტად.
აქედან გამომდინარე, მინდა ძალიან ლოგიკური კითხვა დავსვა: როგორ შეიძლება ვინმეს ამის შემდეგ ენა მოუბრუნდეს და განაცხადოს, რომ საქართველოს მთავრობას არ სურს ანაკლიის პროექტის რეალიზაცია. ეს არის ყველაზე იაფი პოლიტიკური სპეკულაცია, რაც ბოლო პერიოდში მომისმენია და ამავე დროს სრულიად უპასუხიმსმგებლო”,- აცხადებს ბახტაძე.
მისივე თქმით, თუ ვინმეს აქვს გათვიცნობიერებული, რა მნიშვნელობა აქვს საქართველოში ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას და ამავე დროს ის არის პასუხისმგებლობით სავსე მოქალაქე, ის ამის თქმის უფლებას თავს არ მისცემს.
“მე მრჩება ერთი მოსაზრება, რომ ეს არის იაფფასიანი პოლიტიკური სპეკულაცია და მცდელობა იმისა, რომ საკითხიდან, რომელიც უნდა იყოს პროფესიული მსჯელობის საგანი, გადატანა ხდება ქვეყნისთვის სტრატეგიულად ასეთ მნიშვნელოვან პროექტზე.
კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო, რომ ანაკლიის პროექტი არის ჩვენი მთავრობისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი”,- აცხადებს ბახტაძე.

























