მამუკა ბახტაძე: ლოდინის დრო არ არის, ჩვენი მთავარი ორიენტირი არის შედეგი
BM.GE
14.07.18 13:17
• 764
საქართველოს პრემიერ–მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, განახლებულ მთავრობაში მას ზურგს უმაგრებენ მინისტრები, რომლებიც საზოგადოების ნდობას იმსახურებენ და თავიანთი საქმის პროფესიონალები არიან.
მისივე თქმით, მცირე მთავრობის კონცეფცია მთავრობის მართვის ის მოდელია, რომელიც მიმართულია ბიუროკრატიული ხარჯების დაწევაზე.
„ლოდინის დრო არ არის. ჩვენი მთავარი ორიენტირი არის შედეგი და მხოლოდ ამ სულისკვეთებით შევძლებთ უმოკლეს ვადებში შედეგის მიღწევას. მე დაგპირდით, რომ შევქმნიდი მცირე მთავრობის პრეცენდენტს და დავიწყე ამ მნიშვნელოვანი რეფორმის დანერგვა. დარწმუნებული ვარ, რომ მცირე, მაგრამ ამავე დროს ეფექტიანი მთავრობა არის საუკეთესო გამოსავალი შექმნილ ვითარებაში“, – განაცხადა ბახტაძემ და დასძინა, რომ მთავრობის ამოცანაა, ბიუროკრატია გახადოს რაციონალური, მოქნილი და ეფექტური.
ბახტაძემ განცხადება ასევე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებელთა მისამართით გააკეთა.
„ჩვენი მიზანი არის ერთი – შევქმნათ ისეთი საქართველო, სადაც უზრუნველყოფილი იქნება თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა და სწორედ ასეთი საქართველო გახდება ერთადერთი, უალტერნატივო შეთავაზება ჩვენი აფხაზი და ოსი მოქალაქეების მიმართ საერთო ოჯახში დასაბრუნებლად“, – აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტი განახლებულ მთავრობას ნდობას გამოუცხადებს, რომლის შემადგენლობაში 10 სამინისტრო და ერთი – სახელმწიფო მინისტრის აპარატია.