აჭარის რეგიონში 4 სეზონიანი კურორტების მოწყობა იგეგმება, ასევე მაღალმთიან აჭარაში ახალი ტურისტული პროექტების განხორციელებასა და ახალი შესაძლებლობების შესახებ მსჯელობენ, - თემაზე ’’საქმიან დილასთან“ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ბერძენიშვილი საუბრობს.
-ბატონო მამუკა, აჭარის რეგიონში სასტუმროები ახლაც დატვირთულია, ამჟამად ზამთრის სეზონი აჭარაში როგორ მიმდინარეობს?
-ზამთრის სეზონი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. ეს უკეთესი ზამთარია, ვიდრე გასულ წელს იყო, თუმცა ჩვენი სამომავლო მიზანი რომელიც აჭარის ოთხივე სეზონზე სასურველ მიმართულებად ჩამოყალიბებას გულისხმობს უკვე დაწყებულია. უნდა ვივარაუდოთ, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში აჭარა უკვე უფრო მეტი ტურისტული ნაკადების მიღებას დაიწყებს წლის ამ პერიოდში, ვიდრე ეს მაგალითად დღეს ხდება.
-წლის განმავლობაში აჭარა საშუალოდ რამდენ ტურისტს იღებს?
-ამ შემთხვევაში უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ სტატისტიკას ვაწარმოებთ სასტუმროების დატვირთვის კოეფიციენტის მიხედვით და ამ ციფრის მიხედვით ჩვენ შარშან 440 000 ტურისტი მივიღეთ და წელს დაახლოებით 10%-იან მატებას ვვარაუდობთ, რაც ნახევარ მილიონიან ნიშნულამდე მიახლოებას გულისხმობს, თუმცა როგორც არა ერთხელ გავაჟღერეთ, ჩვენ სტატისტიკის წარმოების მეთოდი 2016 წელს შევცვალეთ და ამ ციფრებთან ერთად არარეგისტრირებულ სექტორში ტურისტების რაოდენობასაც ვითვლით და შეიძლება ითქვას, რომ დღეს პირველად ვაჟღერებ ასე ოფიციალურად, რადგან ეს ციფრი სულ ახლახან მივიღეთ. ჩვენ პირველი ორი კვარტლის, ანუ პირველი 6 თვის განმავლობაში არარეგისტრირებულ სექტორში 264 511 ტურისტი გვყავდა. კვლევის მეთოდოლოგიის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, ასე ოპერატიულად ვერ ვითვლით ტურისტებს და შესაბამისად თუ 2016 წლის 6 თვის მონაცემებს ავიღებთ არარეგისტრირებული სექტორის ეს არის 264 000 ტურისტია და თუ 10 დღის მონაცემებს ავიღებთ სასტუმროების მონაცემების კუთხით, ამ ეტაპზე ეს არის 435 000 ტურისტი. შესაბამისად წლის ბოლოსთვის იმ ლოგიკიდან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია უკვე დარწმუნებით ვთქვათ, რომ აჭარაში ტურისტების რაოდენობა მილიონზე მეტს გადააჭარბებს.
-თქვენ ახსენეთ, რომ აჭარა ოთხი სეზონის ტურისტული მიმართულება უნდა გახდეს, უფრო მეტი ტურისტების მოსაზიდად რომელი ტურისტული პროდუქტების ოპოზიციონირებას აპირებთ?
-აქ საკითხი ორ ნაწილად უნდა დავყოთ. ერთი ნაწილი, რომელიც პირდაპირ ტურიზმის ინსტიტუციონალურ შესაძლებლობებსა და კომპეტენციებს ეხება და მეორე - ზოგადად სამთავრობო სტრუქტურების კოორდინირებულ მუშაობას. თუ ტურიზმის დეპარტამენტის კომპეტენციაზე გავაკეთებთ თავიდან აქცენტს, აქ რა თქმა უნდა, ზოგადად ოთხივე სეზონის სტიმულირება მხოლოდ და მხოლოდ ტურისტული პროდუქტების განვითარების საშუალებით არ მოხდება, აქ სხვადასხვა ღონისძიებებია. ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, პირველ რიგში, რასაც გავაკეთებთ ეს შიდა ტურიზმის სტიმულირება იქნება. ჩვენ უპირველესად, აუცილებლად ჩვენი ტურისტული პროდუქტებისა და სერვისების გაძლიერება უნდა მოვახდინოთ და შემდგომ შეთავაზება ტურისტებისთვის. ამას ჩვენ უკვე 2017 წლის ბიუჯეტის მიხედვით ვიწყებთ და შიდა ტურიზმის ბიუჯეტი უკვე ნახევარ მილიონ ლარს აღწევს. ამას ემატება ბაზრების დივერსიფიკაცია, რომელიც ასევე უკვე დაწყებული გვაქვს და თუ წელს 10 სამიზნე ბაზარი გვქონდა, მომავალ წელს ჩვენ 16 სამიზნე უცხოური ბაზარი გვექნება. შესაბამისად უნდა ითქვას, რომ ამ ყველაფერს სხვა სამთავრობო უწყებების მიერ დაგეგმილი ღონისძიებები ემატება. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ მთიანი აჭარის და ზოგადად არა საზღვაო კურორტების და საზღვაო კურორტების მიღმა არსებულ კონკრეტული არეალების ინტეგრირებას ვიწყებთ ტურიზმის პროცესში, ამიტომაც ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო შევქმენით, რომლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია არის სოფლად ტურიზმის განვითარება და წელს უკვე ჩვენ აჭარაში 20 სოფლად არსებული მეურნეობა გვაქვს და შეიძლება ითქვას, რომ მსურველების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. ამიტომ ტურისტული პროდუქტების დივერსიფიკაციაც ამ პროცესის ნაწილია. ასევე არასეზონურობის დაძლევის, თუ ოთხივე სეზონის მირების შესაძლებლობას სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი ღონისძიებები იძლევა.

























