მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მამუკა ხაზარაძე გერმანიის ელჩის მიერ უძრავი ქონების ქირავნობის საკითხზე განცხადებას ავრცელებს

მამუკა ხაზარაძე

პარტია "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე საპატიმრო დაწესებულებიდან გამოეხმაურა "ქართული ოცნების" წევრების, ასევე შემოსავლების სამსახურის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერის მიერ მისი მეუღლის უძრავი ქონების ქირავნობის საკითხთან დაკავშირებით.

მამუკა ხაზარაძე განმარტავს, რომ აღნიშნულ საკითხზე მანიპულირება სრულიად უადგილოა, რადგანაც ქირავნობა ოფიციალურად რეგისტრირებულია, ხოლო დაბეგვრას რაც შეეხება გასულ კვირაში თავად მათ მიმართეს შემოსავლების სამსახურს გადასახადის ზუსტი ოდენობის დადგენის საკითხზე და გასულ კვირაშივე მოახდინეს მისი დაფარვა. შესაბამისად, მამუკა ხაზარაძის თქმით ამჟამად აღნიშნულის შესახებ საუბარი მხოლოდ სიცრუის გავრცელებას ისახავს მიზნად.

"ბოლო 3 დღეა ბიძინა ივანიშვილის მონა თუთიყუშებმა, ე.წ. დეპუტატებმა, ვოლსკიმ, შარმანაშვილმა, შაქარაშვილმა და მათმა პროპაგანდისტულმა მედიამ, აღვირახსნილი კამპანია დაიწყეს ჩემი ოჯახის მიმართ.

სამწუხაროდ, მხოლოდ დღეს მეძლევა საშუალება პასუხი გავცე ამ უსინდისო პროპაგანდას. საკითხი ეხება გერმანიის ელჩისა და ჩემი მეუღლის სახელზე არსებული უძრავი ქონების ქირავნობის ხელშეკრულებას, რომელიც გაფორმებულია და რეგისტრირებულია კანონის ყველა წესის დაცვით. თუმცა, ჩვენ მიერვე წინა კვირას აღმოჩენილ იქნა ბიუჯეტში გადასახადის საკითხი, რაც წყაროსთან დაბეგვრა-არდაბეგვრის გაუგებრობამ გამოიწვია.

ჩვენივე მიმართვის საფუძველზე საგადასახადო სამსახურში მოხდა შესაბამისი რეგისტრაცია და ბიუჯეტი სრულად იქნა გასტუმრებული, რითაც საკითხი სრულად ამოიწურა.

აქვე, მინდა გავახსენო ამ ცრუპენტელებს, რომ ჩემი და ჩემ მიერ შექმნილი კომპანიები ყოველწლიურად ასეულ მილიონ ლარს იხდიან ბიუჯეტში! ბევრჯერ მოგმართეთ თქვენც და ბიძინასაც, რომ გამოაქვეყნოს საკუთარი შენატანები ბიუჯეტში და ამავდროულად ჩემიც.

ასევე, არ დაგავიწყდეთ მოიკითხოთ ის 400 მილიონი ლარი, რომელიც სულ ახლახან, იანვარში, ამოუღო ქართველ ხალხს და ბიუჯეტს ჯიბიდან იმ "ოფშორების" კანონით, რომელიც სპეციალურად მისთვის დაწერეთ. თუმცა, რუსი, კორუმპირებული „ქართული ოცნების“ ე.წ. დეპუტატებისგან გასაკვირი არაფერია. ამ და ბევრ სხვა დანაშაულზეც, ქართველი ხალხი სათანადო პასუხს გაგცემთ!"- წერს მამუკა ხაზარაძე Facebook პოსტით.

დღესვე შემოსავლების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც ისინი საკითხს შეისწავლიდნენ. თუმცა, როგორც მამუკა ხაზარაძის განცხადებიდან ირკვევა საკითხი უკვე შესწავლილი და გარკვეულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები