"ლელო - ძლიერი საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერის მამუკა ხაზარაძის ადვოკატის ზვიად კორძაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი, რომელიც რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება, მხნედ არის და ვარჯიშობს. ამის შესახებ მან მამუკა ხაზარაძის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, დაცვის მხარე მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ წარმოებულ საქმეს სტრასბურგში გაასაჩივრებს.
„პოლიტიკურ ნაწილზე არ გვისაუბრია, უფრო მეტად იმ ნაწილზე ვისაუბრეთ, რომელიც განაჩენის შემდგომ გასაჩივრებას ეხება. იმ სამართლებრივ ნაბიჯებზე, რომლებიც შეიძლება მესამე თუ მეოთხე საქმესთან მიმართებით გადავდგათ, რომელიც მის მიმართ მიმდინარეობს.
მოლოდინი, რომ რაიმე გადაწყვეტილების კუთხით შეიცვლება რა თქმა უნდა არ გვაქვს, მაგრამ გასავლელია ყველა სამართლებრივი ნაბიჯი აქ იმისთვის, რომ ეს საქმეები საბოლოოდ სტრასბურგში წავიდეს. [მამუკა ხაზარაძე] ყოჩაღად, კარგად, მხნედ არის, ვარჯიშობს, დანარჩენი გარდა იმისა რომ ციხეშია მის ცხოვრებაში არაფერი შეცვლილა“, - განაცხადა კორძაძემ.
23 ივნისს საქალაქო სასამართლომ პოლიტიკურ ლიდერებს ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს 7 თვით პატიმრობა, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს კი 8 თვით პატიმრობა მიუსაჯა. 24 ივნისს კი ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ გიორგი ვაშაძის მიმართაც, რომელსაც 7 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. ყველა მათგანზე სასამართლომ განაჩენად 2 წლით საჯარო თანამდებობის დაკავებაც აკრძალა. მიზეზი პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნების შეუსრულებლობაა, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით ჯარიმას ან ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას, ასევე თანამდებობის დაკავებას ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას ითვალისწინებს.




























