მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მამუკა ხაზარაძე ადასტურებს, რომ ხვალ პარლამენტში მივა

5c741595d2d8a
თელარა გელანტია
25.02.19 20:17
1149
TBC ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ხვალ პარლამენტში მივა.

ამის შესახებ ინფორმაცია bm.ge-ის თავად მამუკა ხაზარაძემ დაუდასტურა.

როგორც ცნობილია, მამუკა ხაზარაძე პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე TBC ბანკის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრებს, როგორც ეს კომიტეტთან იყო შეთანხმებული.

მამუკა ხაზარაძესთან ერთად, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ბადრი ჯაფარიძეც მივა.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა ხვალ, 12:00 საათზეა ჩანიშნული.

„ევროპული საქართველოს“ მოწვევით, ხვალ პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძეც უნდა მისულიყო, მაგრამ რამდენიმე საათის წინ სებ-მა გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერია, რომ სებ-ს პარლამენტში მისვლა მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

„საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მომართვის შემდგომ, 21 თებერვალს გავრცელდა ეროვნული ბანკისა და თიბისი ბანკის ერთობლივი განცხადება, რომლის თანახმად, კომიტეტის მიერ შემოთავაზებული განსახილველი საკითხი ორივე მხრიდან ამოწურულია. ამასთანავე, "თიბისი ბანკი" წყვეტს სასამართლო დავებს ეროვნული ბანკის წინააღმდეგ და იზიარებს ეროვნული ბანკის მხრიდან დაწესებულ მოთხოვნებს. იმავე დღეს, ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა ამ საქმესთან დაკავშირებული დამატებითი დეტალები, რომელიც ეროვნული ბანკის მიმართ არსებულ ყველა კითხვას მაქსიმალურად სრულად პასუხობს. 
მარეგულირებლის მიერ გამოყენებული საზედამხედველო ზომების განხილვა, მითუმეტეს მას მერე, რაც თავად ეს სუბიექტი აღნიშნულ ღონისძიებებს დაეთანხმა, დარგის სპეციფიკის და ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობის გათვალისწინებით არამიზანშეწონილად მიგვაჩნია", - ნათქვამია მარეგულირებლის განცხადებაში. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები