საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც, წინა ხელისუფლების დროს მის მიმართ განხორციელებულ ქმედებებზე ხმამაღლა არ საუბრობდა.
„ბანკში ჩვენ საერთაშორისო ინვესტორები გვყავს და ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ჩემზე პირადად რაღაც სისხლის სამართლის საქმეს აღძრავდნენ, მაგალითად „ბორჯომზე“, ჩვენი განცხადებებით არ დაგვეზიანებინა ან ინვესტორების, ან იმ დეპოზიტარების ინტერესი, რადგან ჩვენ ხელშეკრულებით ვართ შეზღუდული. დღეს იმიტომ კი არ ვლაპარაკობ, რომ გუშინ არ მინდოდა ლაპარაკი, მე როგორც კი დავტოვე ბანკი ოფიციალურად, ძალიან სერიოზული ვალდებულება მომეხსნა.
ბანკირს რომ მეძახიან, უარესსაც მიძახიან, მაგრამ მე ამით მდგომარეობიდან ვერავინ გამომიყვანს და ნერვებს ვერ ამიშლის, რადგან მე ქვეყნისთვის ვაკეთებდი საქმეს, ვქმნიდი სამუშაო ადგილებს, შემომქონდა ინვესტიცია და ხომ შეიძლება, ადამიანს არ გინდოდეს პოლიტიკა – არ მინდოდა პოლიტიკა და ვერ ვხმაურობდი და ვერ გამოვდიოდი. ამას არ ვნანობ, ბევრ რამეს გავუძელი, სამართლებრივად არავის არაფერი დავუთმე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე 6 წელი ვიყავი დაახლოებით სასამართლოს პროცესში „ნაციონალების“ დროს, რომლებიც ქონებას მართმევდნენ. ის მე პრინციპულად არ დავუთმე.
განცხადებებით დავაზიანებდი გაცილებით უფრო მნიშვნელოვანს, იმ ადამიანების კეთილდღეობას, რომლებიც იმ ორგანიზაციებში მუშაობდნენ. ამას ვერ ავცდი ამ ხელისუფლების დროს“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ „TV პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“.

























