დღეს ლონდონის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნდა თიბისი ბანკის ჯგუფის განცხადება, რომლის მიხედვითაც, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ბანკის აქციების 8%-ს აგირავებენ. აღნიშნული გარიგების ღირებულება £70.4 მილიონი გირვანქა სტერლინგი ანუ $89.5 მილიონი დოლარია.
ბანკის განცხადების მიხედვით, დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე გეგმავენ, რომ საფინანსო ინსტიტუტებთან შევიდნენ ტრანზაქციაში, რომლის ფარგლებშიც მათ საკუთრებაში ჯამურად არსებული აქციების ნაწილი, რაც თიბისის საწესდებო კაპიტალის დაახლოებით 8%-ს შეადგენს დროებით, სესხის უზრუნველყოფის სახით გადავა საფინანსო ინსტიტუტის საკუთრებაში, რის სანაცვლოდაც მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შესაბამისი ოდენობის დაფინანსებას მიიღებენ. ტრანზაქციის მიხედვით, დადგენილი იქნება კონკრეტული თარიღი, როდესაც ჯაფარიძე და ხაზარაძე მათ კუთვნილ აქციებს უკან გამოისყიდიან.
დღეის მდგომარეობით, მამუკა ხაზარაძეს თიბისის აქციების 13.37% ეკუთვნის რისი ღირებულებაც $153 მილიონია, ბადრი ჯაფარიძის წილი კი 6.68%-ს შეადგენს, რომლის საბაზრო ღირებულებაც $77 მილიონის ტოლია. ჯამში ისინი ბანკის აქციათა 20%-ს ფლობენ.

























